რატი იონათამიშვილი - ცალკეული აქტორების მხრიდან გვესმის უსამართლო შეფასებები, რომელთაც რეალური საფუძველი არ გააჩნია, მათ მოუწევთ, ბოდიში მოუხადონ საქართველოს მსგავსი განცხადებებისთვის
ცალკეული აქტორების მხრიდან გვესმის უსამართლო შეფასებები, რომელთაც რეალური საფუძველი არ გააჩნია, მათ მოუწევთ, ბოდიში მოუხადონ საქართველოს მსგავსი განცხადებებისთვის, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, არსებობს კონკრეტული კურსი, მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ.
„ძალიან მკაფიო და კონკრეტული კურსი გვაქვს, ეს არის მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ. ყველას მოუწევს პატივი სცეს იმ არჩევანს, რომელიც ნაკარნახევია ჩვენი მოქალაქეების მხრიდან. სამწუხაროდ, ცალკეული აქტორების მხრიდან უსამართლო შეფასებები და რიტორიკა გვესმის, მაგრამ, რასაკვირველია, ამას რეალური საფუძველი არ გააჩნია. აქტორებს მოუწევთ, ბოდიში მოუხადონ საქართველოს მსგავსი განცხადებებისთვის და შეეგუონ იმას, რომ მშვიდობა პრინციპებზე დაყრდნობით მიიღება.
ფაქტია, რომ ქვეყანაში ყველაზე ხანგრძლივი მშვიდობის პერიოდი გვაქვს. ფაქტია ისიც, რომ ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით საქართველო ლიდერია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროკავშირის მასშტაბითაც. ამ ყველაფრის ფონზე ხელოვნურად და დეზინფორმაციულად საუბარი კრიზისზე არის სტაბილურობისა და პროგრესის წინააღმდეგ გადადგმული რიტორიკა. ეს არის შეცდომა, რომელსაც ეს ადამიანები საქართველოს მიმართ უშვებენ. თუ ამის უკან დგას შიდა და გარე აქტორების ოცნება, რომ აქ იყოს ქაოსი და არეულობა, მით უარესი მათთვის, ვინაიდან ამ ოცნებებს ახდენა არ უწერია“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.