რატი იონათამიშვილი - „ევროპული საქართველო“ ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებს მაშინ, როდესაც სწორედ ევროპაში ლეგალური დასაქმება იყო მათი საპრეზიდენტო კამპანიის მთავარი თემა
ევროპაში ლეგალური დასაქმების შესაძლებლობას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც რატიო იონათამიშვილი წერს, ოპონენტებმა, როგორც სჩვევიათ, ბიძინა ივანიშვილის სიტყვების არასწორი ინტერპრეტირება სცადეს.
„ბიძინა ივანიშვილს არაფერი უთქვამს, მიგრაციის ტალღის ზრდაზე, პირიქით, მან აღნიშნა, რომ უნდა გაძლიერდეს ეკონომიკა, ვინაიდან ეკონომიკის პროგრესულ ზრდაზეა დამოკიდებული ჩვენი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება. მან ისაუბრა იმ ადამიანების ლეგალურ დასაქმებაზე და ღირსეული სამუშაო პირობების შექმნაზე, რომლებიც ცხოვრობენ სხვა ქვეყნებში, ან პერიოდულად გადიან ქვეყნიდან დასაქმების მიზნით. ცხადია, ეს სრულიად სწორი და სახელმწიფოებრივი მიდგომაა, სწორედ ასეთ მიდგომებში ჩანს სახელმწიფოს ზრუნვა თავისი მოქალაქეებისადმი როდესაც სახელმწიფო თავისი მოქალაქეების უფლებებს იცავს და აძლიერებს ყველგან, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი. რეალურად ითქვა სიმართლე, რომ ერთი ხელის მოსმით ეკონომიკა ათასი პროცენტით ვერ გაუმჯობესდება, მაგრამ აუცილებელია, რომ უკვე დღეს გვქონდეს კონკრეტული ხედვა. ჩვენი ვალია, ემიგრანტ თანამოქალაქეებზე ზრუნვა – მათთვის ღირსეული სამუშაო პირობების შექმნაც და მათი სამშობლოში ღირსეულად დაბრუნების პირობების უზრუნველყოფაც. დიახ, სახელმწიფოს პირდაპირი მოვალეობაა თავის მოქალაქეებზე ზრუნვა, როგორც სამშობლოში, ისე მის საზღვრებს გარეთ! თუმცა, ცხადია, „ნაციონალური მოძრაობა“ ამას ვერასდროს გაიგებს! ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ წინასაარჩევნოდ, „ევროპული საქართველო“, რომელიც დღეს ბიძინა ივანიშვილის ამ განცხადებას აკრიტიკებს, სწორედ ლეგაური დასაქმების აუცილებლობაზე ესაუბრებოდა ემიგრანტებს. ეს იყო მათი საპრეზიდენტო კამპანიის მთავარი საკითხი. დღეს კი, როცა ამის რეალური კონტურები გამოიკვეთა ხელისუფლების მხრიდან, ლეგალური დასაქმების შესაძლებლობას აკრიტიკებს. მათი მხრიდან, საქმე გვაქვს ისევ ორმაგ სტანდარტთან, რაც წლების მანძილზე, ამ ძალების „სავიზიტო ბარათად“ იქცა“, – წერს პარლამენტის წევრი სოციალურ ქსელში.