რატი იონათამიშვილი - არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერაზე პრემიერის ინიციატივა არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის, რაც გააჯანსაღებს და გააძლიერებს ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებს
პრემიერის ინიციატივა არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერასთან დაკავშირებით არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის და პროგრესული, რაც მნიშვნელოვნად გააჯანსაღებს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებს, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც იონათამიშვილი აღნიშნავს, რადიკალური ოპოზიციის განცხადებები აჩვენებს, რომ მათ ელემენტარული ცოდნაც არ აქვთ დემოკრატიულ ქვეყნებში არსებულ პრაქტიკასთან დაკავშირებით და მათი მიდგომა არასამთავრობო სექტორის მიმართ არის ანტიდემოკრატიული და ავტორიტარული.
„არასამთავრობო ორგანიზაციების (ამ შემთხვევაში, შშმ პირთა ორგანიზაციების) დაფინანსებასთან დაკავშირებით გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კომიტეტი მე-7 ზოგად კომენტარებში CRPD-ის მონაწილე სახელმწიფოებს მოუწოდებს: „მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ თანხების პირდაპირი გამოყოფა შშმ პირთა ორგანიზაციებისათვის, მესამე მხარის ჩართვის გარეშე (61.a.)“; ამავე შინაარსის რეკომენდაცია გასცა გაერო-მ საქართველოს მიმართ 2023 წელს. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ქვეყნები და აშშ აფინანსებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს (მაგ. ამერიკის შემთხვევაში – The World Institute on Disability (WID), ევროკავშირის შემთხვევაში – European Disability Forum (EDF)) და ეს არცერთ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია დაფინანსების შემთხვევაში ხდება სამთავრობო. შესაბამისად, რადიკალური ოპოზიციის განცხადებები აჩვენებს, რომ მათ ელემენტარული ცოდნაც არ გააჩნიათ დემოკრატიულ ქვეყნებში არსებულ პრაქტიკასთან დაკავშირებით და მათი მიდგომა, ზოგადად, არასამთავრობო სექტორის მიმართ არის ანტიდემოკრატიული და ავტორიტარული. მათთვის NGO რომ რადიკალური პოლიტიკური დღის წესრიგის ინსტრუმენტია, ჩვენმა საზოგადოებამ ისედაც დიდი ხანია, კარგად იცის. პრემიერის ინიციატივა არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერასთან დაკავშირებით, არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე და პროგრესული, რაც მნიშვნელოვნად გააჯანსაღებს და გააძლიერებს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებს“, – წერს რატი იონათამიშვილი.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დაფუძნდება საგრანტო პროგრამა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.