რატი იონათამიშვილი - ადრეც ვპროგნოზირებდით, რომ იმ ოპოზიციის მხრიდან, რომლის რეიტინგიც არის ნულთან მიახლოებული, იქნებოდა გარკვეული პროვოკაციები
ადრეც ვპროგნოზირებდით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს ვაკეთებთ, არჩევნები ჩატარდეს სამართლიან და მშვიდ გარემოში, იმ ოპოზიციის მხრიდან, რომლის რეიტინგიც არის ნულთან მიახლოებული, იქნებოდა გარკვეული პროვოკაციები, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა სოფელ ნახიდურში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირების საკითხზე განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართულმა საზოგადოებამ ნახა, რომ სოფელ ნახედურში რამდენიმე ეტაპიანი პროვოკაცია იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან და მას შემდეგ, რაც ვერც ერთ ჯერზე ვერ მოახერხეს პროვოკაციაში ჩაერთოთ „ქართული ოცნების“ აქტივისტები, ფიზიკურ ძალადობაზე გადავიდნენ, მათ შორის ხელკეტებითა და ქვებით“.
„ამაზე მყისიერი რეაგირება გვექნება და მივმართავთ, საერთაშორისო პარტნიორებსა და მისებს, რომლებიც არიან დამკვირვებლებიც წინასაარჩევნო პროცესში, რათა მოხდეს მსგავსი საკითხების შეფასება. ჩვენ მათ ამ საკითხზე ამომწურავ ინფორმაციას აუცილებლად მივაწვდით. ადრეც ვპროგნოზირებდით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ არჩევნები ჩატარდეს სამართლიან და მშვიდ გარემოში, იმ ოპოზიციის მხრიდან რომლის რეიტინგიც არის ნულთან მიახლოებული, იქნებოდა გარკვეული პროვოკაციები, მაგრამ ჩვენ თითოეულ ასეთ პროვოკაციას აღვკვეთთ და გვექნება შესაბამისი რეაგირება და შეფასებები. როგორც ჩანს, ამ ადამიანებს არ აქვთ არანაირი პროაქტიური თემა, პოლიტიკური დღის წესრიგი, რომლის მეშვეობითაც შეუძლიათ საზოგადოების წინაშე წარსდგნენ და ისაუბრონ. ამიტომ ერთადერთი გზა, რაც ჰქონიათ და თვლიან, რომ შედეგის მომტანი იქნება, არის პროვოკაცია, ძალადობის წახალისება. საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით დარწმუნებული ვართ, რომ არაფერი დაემუქრება არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას და ჩვენ ამ საპარლამენტო არჩევნებზე დავიცავთ დემოკრატიულობისა და სამართლიანობის მაღალ სტანდარტს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.