რატი იონათამიშვილი - IRI-ის კვლევა არ ეფუძნება ფაქტებს და არის უმეცარი მცდელობა, რომ იმ აღქმების დამკვიდრებას შეუწყონ ხელი, რომელიც გააცოცხლებს „ნაციონალურ მოძრაობას“
IRI-ის კვლევა არ ეფუძნება ფაქტებს, არის უმეცარი მცდელობა, რომ იმ აღქმების დამკვიდრებას შეუწყონ ხელი, რომელიც გააცოცხლებს „ნაციონალურ მოძრაობას“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
როგორც რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, როგორი დეზინფორმაციული ასპექტები და პარამეტრებიც არ უნდა იყოს ამ კვლევაში, ის ფაქტი მაინც ვერ დამალეს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, კერძოდ, ჯარისა და პოლიციის მიმართ მოსახლეობის ნდობა არის ძალიან მაღალი.
„ეტყობა, „გირჩის“ დესტრუქციულ შეხვედრებს რომ აფინანსებდნენ სტუდენტებთან, მაშინ გამოჰკითხეს და დაწერეს ეს კვლევა. „ქართულ ოცნებას“ ყოველ არჩევნებზე სტაბილურად მხარს უჭერს ამ ქვეყნის მილიონი მოქალაქე და ეს მხარდაჭერა, დარწმუნებული ვარ, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, რაც განპირობებულია იმ გადაწყვეტილებებით, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება იღებს როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე უსაფრთხოებიდან გამომდინარე“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
მისივე თქმით, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია არის უმთავრესი ამოცანა, რაც აქვს „ქართული ოცნების“ გუნდს და მოსახლეობას.
„ეს გამყარებულია იმ გადაწყვეტილებითაც, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო და ყველა მნიშვნელოვანი პროგრესი, წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე სწორედაც რომ „ქართული ოცნების“ დამსახურებაა ჩვენს მოსახლეობასთან ერთად. ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ფიქრობს, რომ უსამართლო იყო გადაწყვეტილება, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭა“, – განაცხადა იონათამიშვილმა.