რატი ბრეგაძემ საფრანგეთის ელჩთან დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავების ინიციატივები განიხილა
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ საფრანგეთის ელჩს, შერაზ გასრის იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და უწყების ხელმძღვანელობით მიმდინარე რეფორმები გააცნო.
საუბარი შეეხო ისეთ პროექტებს, როგორებიცაა: ელექტრონული პლატფორმის შექმნა ევროკავშირის სამართალთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოებისთვის; ნოვაციები სერვისების მიწოდების სფეროში – მობილური იუსტიციის სახლი, სერვისების ციფრული საშუალებებით მიწოდება; აგრეთვე ონლაინ უნივერსიტეტის ამოქმედება, სპორტის მართვის სისტემის დანერგვა და მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიმართულებით მიმდინარე პროექტები პენიტენციურ სისტემაში.
იუსტიციის მინისტრმა ელჩთან შეხვედრაზე საქართველოსა და საფრანგეთს შორის იუსტიციის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების კონკრეტული ინიციატივებიც გამოთქვა, მათ შორისაა: ქართულ-ფრანგული სამართლებრივი ფორუმის გამართვა, ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის მემორანდუმის გაფორმება და თანამშრომელთა გადამზადების, გაცვლითი პროგრამებისა და ერთობლივი ტრენინგების ორგანიზება.
იუსტიციის მინისტრისა და საფრანგეთის ელჩის შეხვედრას ესწრებოდა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი.
ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.