რატი ბრეგაძემ ხელი მოაწერა ევროსაბჭოს კონვენციას ხელოვნური ინტელექტის თაობაზე
რატი ბრეგაძემ ხელი მოაწერა ევროსაბჭოს კონვენციას ხელოვნური ინტელექტის თაობაზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ხელი მოაწერა ევროსაბჭოს კონვენციას ხელოვნური ინტელექტის თაობაზე.

ეს არის პირველი საერთაშორისო და სავალდებულო დოკუმენტი, რომელიც მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის სისტემების გამოყენებასა და ადამიანის უფლებების დაცვას შორის ბალანსის უზრუნველყოფას.

დოკუმენტი ქმნის სამართლებრივ ჩარჩოს და განსაზღვრავს იმ ძირეულ პრინციპებს, რომლებსაც უნდა დაეფუძნოს ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ხელშემკვრელ სახელმწიფოებში. ამასთან, ის მიზნად ისახავს ადამიანის უფლებების უზრუნველყოფას ხელოვნური ინტელექტის გამოყენების კონტექსტში.

რატი ბრეგაძის თქმით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტია, ერთი მხრივ, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა იუსტიციისა და სერვისების მიწოდების სფეროში და, მეორე მხრივ, სათანადო სამართლებრივი რეგულაციების შექმნა, რათა ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სრულ შესაბამისობაში იყოს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან. ამ მიზნით უახლოეს მომავალში იუსტიციის სამინისტრო გახსნის ხელოვნური ინტელექტის სამართლის ცენტრს.

აღნიშნულ კონვენციას, საქართველოსთან ერთად, ხელი მოაწერეს ევროკავშირის, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, ანდორის, ისლანდიის, ნორვეგიის, ისრაელის, სან მარინოსა და მოლდოვის წარმომადგენლებმა.