რატი ბრეგაძემ ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული მაღალი დონის კონფერენციის მონაწილეებს აღდგენითი მართლმსაჯულების განვითარების ხედვა გააცნო
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული მაღალი დონის კონფერენციის მონაწილეებს აღდგენითი მართლმსაჯულების განვითარების საკუთარი ხედვა გააცნო. ეს მინისტერიალის მეორე სესიაა, რომელზედაც საქართველოს იუსტიციის მინისტრი სიტყვით გამოვიდა.
იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტერიალში „დანაშაული და სისხლის სამართლის მართლმსაჯულება – აღდგენითი მართლმსაჯულების როლი ევროპაში“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკ დემსი, ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი, იტალიის იუსტიციის მინისტრი მარტა კარტაბია და ევროპის ქვეყნების იუსტიციის მინისტრები მონაწილეობენ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა აღდგენითი მართლმსაჯულების მიმართულებით საქართველოში არსებული პრაქტიკა მიმოიხილა. როგორც მან აღნიშნა, „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ თანახმად, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში ჩართული ნებისმიერი პირი სპეციალიზებული უნდა იყოს ამ მიმართულებით. შესაბამისად, ადვოკატებმა, გამომძიებლებმა, პროკურორებმა, მოსამართლეებმა, პოლიციელებმა, მედიატორებმა, სოციალურმა მუშაკებმა, პრობაციის ოფიცრებმა სპეციალური ტრენინგები გაიარეს არასრულწლოვნებთან ურთიერთობის მეთოდებზე და მათთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე.
რატი ბრეგაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი შესაბამისი საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამა, ევროკავშირთან თანამშრომლობით შემუშავდა სპეციალური სახელმძღვანელო უნივერსიტეტებისთვის აღდგენითი მართლმსაჯულების შესახებ; 2021 წელს კი, პრობაციის სისტემაში პროფესიონალთა მომზადების სახელმძღვანელოს დაემატა სპეციალური თავი აღდგენითი მართლმსაჯულების თაობაზე.
იუსტიციის მინისტრმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში ჩართული სპეციალისტების გადამზადებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა მედიატორის რეესტრის მექანიზმი, რომელიც საშუალებას იძლევა, მომზადდნენ მედიატორები პრაქტიკული საქმიანობისთვის პროფესიული მენტორობის პროგრამის ფარგლებში; მოსამართლეების, პროკურორების, გამომძიებლების, პოლიციელებისა და სხვა პროფესიონალების გადამზადებას კი, შესაბამისი უწყებების სასწავლო ცენტრები ახორციელებენ.
რატი ბრეგაძის თქმით, მიუხედავად წინგადადგმული ნაბიჯებისა, მნიშვნელოვანია, რომ აღდგენითი მართლმსაჯულების პრინციპები, მეთოდები, პრაქტიკა და პირობები შევიდეს საუნივერსიტეტო სასწავლო გეგმებსა და სხვა საგანმანათლებლო პროგრამებში, რათა ყველა პროფესიონალს ჰქონდეს საჭირო ცოდნა და ინფორმაცია არასრულწლოვნებთან მუშაობისათვის აღდგენითი მართლმსაჯულების მიმართულებით.
იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, იტალიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრი სიტყვით გამოვა მინისტერიალის კიდევ ერთ სესიაზე. რატი ბრეგაძემ უკვე გამართა შეხვედრა იტალიელ კოლეგასთან. პირისპირ შეხვედრებია დაგეგმილი უნგრეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრებთან.