რატი ბრეგაძემ „ევროჯასტის“ პრეზიდენტ ლადისლავ ჰამრანთან საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე ისაუბრა
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სისხლის სამართლის სფეროში, ევროკავშირის ქვეყნების თანამშრომლობის ორგანოს (Eurojust) პრეზიდენტ ლადისლავ ჰამრანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა „ევროჯასტზე“, ევროკავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობის პრიორიტეტულობაზე და საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე ისაუბრეს.
„მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, ექსტრადიციისა და სისხლის სამართლის სფეროში სამართლებრივი მიმართულებით შესანიშნავ თანამშრომლობაზე.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ მტკიცე სექტორული თანამშრომლობა ეხმარება ქვეყანას ევროინტეგრაციის პროცესში და იმედი გამოითქვა, რომ ევროკავშირის პერსპექტივის მიღების შემდეგ პროცესი უახლოეს მომავალში კანდიდატის სტატუსის მინიჭებით საქართველოსთვის დადებითად დასრულდება. ასევე, შეხვედრაზე ისაუბრეს უწყებებს შორის სასწავლო და სამუშაო გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობაზე“, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.
უწყების ცნობით, იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრას, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი ესწრებოდა.
„ევროჯასტი“ (Eurojust) სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის ევროკავშირის ორგანოა. მისი ძირითადი საქმიანობაა სისხლის სამართლის საქმეებზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების თანამშრომლობის კოორდინაცია, მათ შორის, ევროკავშირის არაწევრ, ევროინტეგრაციის პროცესში მყოფ პარტნიორ სახელმწიფოებთან. საქართველოსა და ევროჯასტს შორის შეთანხმება 2019 წელს გაფორმდა.
ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს