რატი ბრეგაძემ დუბლინში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს მიმდინარე პროექტები და ახალი ინიციატივები გააცნო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი, სამინისტროს წარმომადგენლებთან და ირლანდიაში საქართველოს ელჩ გიორგი ზურაბაშვილთან ერთად, დუბლინში ქართული დიასპორის წევრებს შეხვდა და საკვირაო სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო დიასპორასა და სახელმწიფოს შორის არსებულ ურთიერთობებს და საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების ინტერესებზე მორგებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და პროექტებს.
„ირლანდიაში მცხოვრებმა ქართველებმა კმაყოფილება გამოთქვეს პასპორტებისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობების საფასურის შემცირებასთან დაკავშირებით.
მინისტრმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის დავალებით, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, მზადდება საკანონმდებლო ინიციატივა, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს დიასპორის სტრატეგიით განსაზღვრული მიზნების მიღწევას“, – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.