რატი ბრეგაძემ აღმასრულებლებისა და აღსრულების პოლიციელების დღეს წარმატებული პროფესიონალები დააჯილდოვა
რატი ბრეგაძემ აღმასრულებლებისა და აღსრულების პოლიციელების დღეს წარმატებული პროფესიონალები დააჯილდოვა

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ აღმასრულებლებისა და აღსრულების პოლიციელების დღეს წარმატებული პროფესიონალები დააჯილდოვა.

რატი ბრეგაძემ ხაზი გაუსვა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიღწევებს ბოლო ერთი წლის განმავლობაში და მადლობა გადაუხადა თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისათვის.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, გასული ერთი წლის განმავლობაში მოქალაქეებისთვის სააღსრულებო მომსახურებები უფრო მარტივად ხელმისაწვდომი გახდა; დაინერგა ციფრული არქივი, რისთვისაც 350 ათასამდე საქმე გაციფრულდა; შეიქმნა გამარტივებული საქმისწარმოების პლატფორმა, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ სერვისზე მოთხოვნა/აპლიკაცია შინიდან გაუსვლელად დაარეგისტრირონ, ხოლო საქმეს თვალყური ელექტრონულად მიადევნონ; ელექტრონული კომუნიკაციის სისტემა დაინერგა ყველა კომერციულ ბანკთან. მიმდინარეობს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემების დანერგვა მუნიციპალურ ორგანოებთან; მუშავდება „ელექტრონული თანაშემწის“ პროგრამა, რომელიც საშუალებას იძლევა, რიგი სააღსრულებო მოქმედებებისა აღმასრულებლის ფიზიკური ჩარევის გარეშე განხორციელდეს; მიმდინარე წლის სექტემბერში კი, აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის ინიციატივით, საქართველო აღმასრულებელთა საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს.

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძემ და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე მირიან ხარაბაძემ პროფესიულ საქმიანობაში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის პოლიციელებსა და აღმასრულებლებს მადლობის სიგელები გადასცეს, ხოლო ექვს პოლიციელს ვადამდე წოდებები მიენიჭათ.