რატი ბრეგაძე ზელენსკის განცხადებაზე - რომელი სახელმწიფოს წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, ჩვენს სახელმწიფოს აქვს ღირსება და ვერავისგან მივიღებთ მსგავს განცხადებებს
მიხეილ სააკაშვილი არის ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში, მუდმივ რეჟიმში მოვუწოდებთ, რომ მიიღოს შესაბამისი მკურნალობა და საკვები, ეს არის წამება? თუ ის არის წამება, 2 300-მდე ვიზიტორი რომ ჰყავდა? რომელი სახელმწიფოს წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, ჩვენს სახელმწიფოს აქვს ღირსება და ვერავისგან მივიღებთ მსგავს განცხადებებს, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას აღნიშნა.
ბრეგაძის თქმით, ასეთი განცხადება სამწუხაროა, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა საქართველო დგას უკრაინელი ხალხის გვერდით ყველა კრიზისულ სიტუაციაში.
ამავდროულად, რატი ბრეგაძე ამბობს, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში ადამიანის უფლებები ძალიან მაღალ დონეზეა დაცული.
„რაც შეეხება აღნიშნულ განცხადებას, ეს განცხადება ჩემთვის პირადად არის სრულიად მიუღებელი, რადგან არ არის მოყვანილი არცერთი მტკიცებულება, და როდესაც საუბარია, თითქოს საქართველოში ვინმეს აწამებენ, ბუნებრივია, ამ ყველაფერს ვერასდროს დავეთანხმები. თუკი ამ რეგიონში სადმე არის ადამიანის უფლებები დაცული, განსაკუთრებით პენიტენციურ დაწესებულებებში, აქ ლიდერი არის ნამდვილად საქართველო. ძალიან საინტერესო იქნება, რას ფიქრობს ჩვენი ძვირფასი საზოგადოება იმის თაობაზე, თუ რა არის წამება. ის, რომ ადამიანს ესაჭიროება მკურნალობა და არის ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში, ვთავაზობთ საკვების მიღებას, მუდმივ რეჟიმში მოვუწოდებთ, რომ მიიღოს ექიმებისგან შესაბამისი მკურნალობა და საკვები, ეს არის წამება? თუ ის არის წამება, 2 300-მდე ვიზიტორი რომ ჰყავდა? თუ ის არის, რომ მისი სახელმწიფოს საელჩოს წარმომადგენლები რეგულარულად ნახულობენ? ადრეც იყო მსგავსი განცხადება და იმაზეც გვქონდა ანალოგიური რეაქცია. ბუნებრივია, ვინც არ უნდა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პოლიტიკური თანამდებობის პირი და რომელი სახელმწიფოს წარმომადგენელი, ჩვენ, ჩვენს სახელმწიფოს გვაქვს ჩვენი ღირსება, ზუსტად ვიცით, რომ განუხრელად ვიცავთ ადამიანის უფლებებს, მათ შორის ძალიან მაღალ დონეზე პენიტენციურ დაწესებულებებში და ვერავისგან მივიღებთ მსგავსი ტიპის განცხადებას.
რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სამწუხარო, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა საქართველო დგას უკრაინელი ხალხის გვერდით აბსოლუტურად ყველა კრიზისულ სიტუაციაში. ამ სიტუაციაში განსაკუთრებით სამწუხაროა ეს განცხადება. აქვე, აუცილებლად უნდა გამოვეხმაუროთ იმ ფაქტსაც, რომ, მათ შორის, ჩვენი დიპლომატები საკუთარი სიცოცხლის ფასად, ბოლო წუთამდე იმყოფებოდნენ კიევში, იმ დროსაც, როდესაც კიევი იბომბებოდა და, რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ სთხოვს საქართველოს ელჩს, 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა კონსულტაციები გამართოს თბილისში მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე. ზელენსკის თქმით, რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს.