რატი ბრეგაძე - ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავოს პოლიტიკური განცხადებებისგან, არაერთხელ დადასტურდა, რომ სახელმწიფოს ყველა მოქმედება სააკაშვილის მიმართ იყო კორექტული
ჩვენ არ ვმოქმედებთ შთაბეჭდილებებისა და აღქმების საფუძველზე, ვმოქმედებთ მკაცრად მხოლოდ ქართული კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც აკმაყოფილებს საკმაოდ მაღალ ევროპულ სტანდარტებს, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ საკაშვილის სარჩელზე სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება არ არის შემთხვევითი და არ მოსულა თავისით.
„მოსარჩელეს ჰქონდა პრეტენზიები. ის ცდილობდა, დაესაბუთებინა თავისი პოზიცია, თუმცა არსებობს მეორე მხარე, ეს არის ქართული სახელმწიფო. ჩვენ მაქსიმალურად წარვადგინეთ ყველა მტკიცებულება, დავიცავით ჩვენი პოზიციები იმის შესახებ, რომ მართლმსაჯულება სააკაშვილის მიმართ არ იყო პოლიტიკურად მოტივირებული და, საბოლოო ჯაში, ეს სიმართლე კიდევ ერთხელ დადასტურდა“, – აღნიშნა ბრეგაძემ.
მისივე თქმით, ყველა მოქმედება სააკაშვილის მიმართ იყო კორექტული და უმაღლეს ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი.
„თქვენს კითხვას რაც შეეხება, თუ რას ვუპასუხებთ ნებისმიერ ოპონენტს, რომელიც ცდილობდა, რომ სააკაშვილის მიმართ წარმოებული მართლმსაჯულება წარმოეჩინა თითქოსდა პოლიტიკური ნიშნით, ვუპასუხებ მხოლოდ ერთს: ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ არ ვმოქმედებთ შთაბეჭდილებებისა და აღქმების საფუძველზე, არამედ ვმოქმედებთ მკაცრად მხოლოდ ქართული კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც აკმაყოფილებს საკმაოდ მაღალ ევროპულ სტანდარტებს. მგონი, ყველა დარწმუნდა, რომ ყველა მოქმედება იყო კორექტული და შესაბამისი, მათ შორის, უმაღლეს ევროპულ სტანდარტებთან. მინდა, ყველას მოვუწოდო, რომ თავი შეიკავოს პოლიტიკური განცხადებებისგან, რაც შეეხება მართლმსაჯულებას. უკვე არაერთხელ დადასტურდა, რომ სააკაშვილის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან ყველა მოქმედება იყო კორექტული“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
იუსტიციის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ეს არ არის პირველი სარჩელი მიხეილ სააკაშვილის მხრიდან და მანამდე სტრასბურგის სასამართლოში კიდევ ორი სარჩელი იყო შეტანილი.
„ერთი, მოგეხსენებათ, შიმშილობის ცნობილ ეპიზოდს ეძღვნებოდა და შემდგომში სასამართლომ ამორიცხა წარმოებიდან. მეორე 18 აპრილს იყო, როდესაც სააკაშვილმა თავად მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს იმის თაობაზე, რომ ამოერიცხათ წარმოებიდან მისი სარჩელი. თუმცა აქ შემდგომში ვიხილეთ ისევ პოლიტიკური რეზოლუცია, რომლის თანახმადაც, კვლავ მოითხოვდნენ სააკაშვილის გათავისუფლებას ჰუმანიტარული ნიშნით. არადა, ერთი კვირით ადრე სააკაშვილმა თავად მიმართა თავისი წარმომადგენლის მეშვეობით სტრასბურგის სასამართლოს, რომ ამოერიცხათ მისი სარჩელი და მიუთითებდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იყო სიცოცხლისთვის სახიფათო. შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ პოლიტიკაზე, ძალიან ხშირად ეს ყველაფერი არის ტენდენციური. ჩვენ, ასევე, კარგად ვიხილეთ იმავე FARA-ს წყალობით, რომ კამპანია, რომელიც წარმოებდა, პირობითად, სააკაშვილის გასათავისუფლებლად, იყო ძალიან დიდი თანხებით დაფინანსებული. ყველას ახსოვს, ტელევიზიებიც როგორ აშუქებდნენ ამას, გადაცემები იწყებოდა FreeMisha-თი და გრძელდებოდა. მაგრამ, როგორც ყველამ დავინახეთ, მთლიანი ეს კამპანია, რომელშიც, მათ შორის, საკმაოდ აქტიურად იყვნენ ჩართული ქართველი პოლიტიკოსებიც, იყო ტყუილზე დაფუძნებული და დღევანდელი დღე არის ამის ნათელი დასტური“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.