რატი ბრეგაძე - წელს 160-მდე თანამშრომელმა გაიარა გადამზადება აშშ-ში, ამისთვის მინდა, სტრატეგიული პარტნიორის მიმართ განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე წარმატებული დარგობრივი თანამშრომლობისთვის აშშ-ს მადლობას უხდის. აღნიშნულის შესახებ მან პარლამენტში განაცხადა.
„ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან თანამშრომლობის ფარგლებში, პენიტენციური და პრობაციის სისტემების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების და ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, 2023 წელს 160-მდე თანამშრომელმა გაიარა გადამზადება ამერიკის შეერთებულ შტატებში და ამისათვის განსაკუთრებული მადლიერება, მინდა, გამოვხატო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისადმი“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, უახლოეს პერიოდში გაფორმდება აშშ-თან საერთაშორისო ხელშეკრულება ექსტრადიციის საკითხებზე, რის შემდეგაც აშშ-დან საქართველოში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ექსტრადიციის განხორციელება გახდება შესაძლებელი.
რატი ბრეგაძის გამოსვლის ტექსტს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.