რატი ბრეგაძე - ვინმე თუ შეეცდება პატიმრის საავადმყოფოში გადაყვანაში ხელის შეშლას, კანონის წინაშე სრული სიმკაცრით აგებს პასუხს
რატი ბრეგაძე - ვინმე თუ შეეცდება პატიმრის საავადმყოფოში გადაყვანაში ხელის შეშლას, კანონის წინაშე სრული სიმკაცრით აგებს პასუხს

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მკაცრად აფრთხილებს ყველას, ვინც პატიმარ სააკაშვილის ციხიდან საავადმყოფოში გადაყვანაში ხელშეშლას გეგმავს, რომ ისინი კანონის წინაშე სრული სიმკაცრით აგებენ პასუხს.

„ჩვენ გუშინ ყველამ ერთად ვიხილეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ჩანაწერები, სადაც საუბარია იმაზე, რომ არსებობს გარკვეული ძალები, რომლებსაც სურთ ჩვენთვის პატიმრის გადაყვანის ხელშეშლა საკმაოდ დიდი ძალებით. მე მათ გასაგონად ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ ძალიან ხაზგასმით და მკაფიოდ, თუ ვინმე ამის გაკეთებას შეეცდება, ბუნებრივია, ის კანონის წინაშე სრული სიმკაცრით აგებს პასუხს, მაგრამ ჩვენ ყველა სცენარისთვის მზად ვართ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მისივე თქმით, პატიმრის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა ხერხი იქნება გამოყენებული, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, ვერტმფრენიც.

„აბსოლუტურად არავის ეშინია. ჩვენ ვამბობთ, რომ თუკი საჭირო გახდება, პატიმრის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ ყველა ხერხს, რომ დავიცვათ პირადად პატიმარი და მისი უსაფრთხოება, მათ შორის, ვერტმფრენითაც. ჩვენ აბსოლუტურად არავისი გვეშინია. მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის. ტყუილად თავს ნუ შეიწუხებენ, რადგან ამით მხოლოდ ისინი აღმოჩნდებიან პასუხისმგებელნი კანონის წინაშე და მკაცრად ვაფრთხილებ“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

რატი ბრეგაძემ ასევე ისაუბრა სამინისტროს საპასუხო ნაბიჯზე იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს იტყვის.

„არსებობს დადგენილი წესები და ვიმოქმედებთ ყველა დადგენილი წესის შესაბამისად. ჩვენ კანონს არ ვარღვევთ, ვიცავთ და ვემსახურებით ამ ქვეყანაში მხოლოდ და მხოლოდ სიმართლის აღსრულებას“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.

რატი ბრეგაძის განცხადებას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.