რატი ბრეგაძე - ვაპირებთ, უახლოეს დღეებში მივმართოთ სამხარაულის ექსპერტიზის ცენტრს, რომ სააკაშვილს ჩაუტარდეს კომპლექსური ექსპერტიზა, გვინდა, მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია მივიღოთ
ჩვენ ვაპირებთ, უახლოეს დღეებში მივმართოთ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ცენტრს, რომ ჩაუტარდეს სააკაშვილს კომპლექსური ექსპერტიზა, გვინდა მივიღოთ დამატებითი ინფორმაცია, რომ არ დარჩეს არც ერთი კითხვის ნიშანი, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.
მინისტრის თქმით, მიხეილ სააკაშვილს პენიტენციურ განყოფილებაში შესახლების დღიდან არაერთხელ გაეწია სამედიცინო დახმარება, მათ შორის გადაყვანილი იყო კლინიკაში.
ბრეგაძის განცხადებით, სახელმწიფოს სააკაშვილისთვის არაფერი დაუკლია.
„ეს ადამიანი რამდენიმე თვეა, იმყოფება კლინიკა „ვივამედში“ და მის ჯანმრთლობის მდგომარეობაზე მუდმივ ზედამხედველობას ახორციელებს პერსონალი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა წარმოადგენს საზოგადოების ინტერესს და გვინდა მივიღოთ დამატებითი ინფორმაცია, რომელიც იქნება იმისთვის, რომ არ დარჩეს არც ერთი კითხვის ნიშანი ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარშემო. სააკაშვილს პატიმრობის პერიოდში არაერთხელ გაეწია კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება. როდესაც მას სჭირდებოდა სამედიცინო დახმარება, მას ეს დახმარება გაეწია. როდესაც ვინმე საუბრობს, რომ სააკაშვილის მდგომარეობა გაუმჯობესდა ან გაუარესდა, ამ ყველაფერზე უნდა ისაუბრონ მედიკოსებმა. სახელმწიფომ მისი შემოსახლების დღიდან გააკეთა ყველაფერი, რომ დაცული იყოს მისი ჯანმრთელობის უფლება. მე არ ვარ ექიმი, მე ვერ გეტყვით ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის გაუმჯობესებული თუ გაუარესებული. ამაზე უნდა ისაუბრონ მედიკოსებმა. როდესაც ადამიანს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა, მას უნდა უმკურნალოს ექიმმა. სახელმწიფომ ყოველთვის მაქსიმუმი გააკეთა. რაც შეეხება ექსპერტიზას, ეს გვინდა ჩატარდეს იმისთვის, რომ მივიღოთ მაქსიმალურად ამომწურავი, ყოველმხრივი ინფორმაცია ამ ადამიანის ჯანმრთელობაზე. სახელმწიფო ამ ადამიანისთვის არაფერი დაუკლია, პირიქით, აკეთებს ყველაფერს“, – განაცხადა ბრეგაძემ.