რატი ბრეგაძე - ვაკვირდებით მცდელობას, კონკრეტულმა პატიმარმა თვითდაზიანებით დააღწიოს თავი პატიმრობას, სამინისტრო ვერ იქნება ლოიალური, ვინაიდან ეს არის საშიში პრეცედენტი
ვაკვირდებით სახელმწიფოს იმიჯის დაზიანებისთვის გამიზნულ პოლიტიკურ კამპანიას და ყოვლად მიუღებელ მცდელობას, კონკრეტულმა პატიმარმა თვითდაზიანებით უზრუნველყოს პატიმრობიდან თავის დაღწევა, რის მიმართაც, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, იუსტიციის სამინისტრო ვერ იქნება ლოიალური, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.
ბრეგაძის განმარტებით, ეს არის საშიში პრეცედენტი, რომელსაც შეუძლია, იქონიოს წამახალისებელი ეფექტი სხვა პატიმრების ქცევაზე, რაც სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის, შესაძლოა, სერიოზულ გამოწვევად იქცეს.
„კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ჩვენ პასუხისმგებელი შეიძლება ვიყოთ მხოლოდ ჩვენი მოვალეობის სათანადო შესრულებაზე, მაგრამ ვერანაირად ვერ ვიქნებით პასუხისმგებელი პატიმრის თვითდაზიანებაზე, რაც მის მიერ არაკალორიული საკვების შერჩევით მიღებასა და სამედიცინო დანიშნულების რეგულარულ არშესრულებაში გამოიხატება. პატიმრის ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ ყველას, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის თვითდაზიანების მხარდაჭერა. მოუწოდონ მას მისი ჯანმრთელობისთვის სასიკეთო სამედიცინო რეკომენდაციების შესრულებისკენ და შეწყვიტონ სასჯელის აღსრულების საკითხის პოლიტიზება. დაბოლოს, საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო, რომელიც, ერთი მხრივ, იცავს პატიმრის უფლებებს, ამავდროულად, უზრუნველყოფს კანონის აღსრულებას, რაც ამ შემთხვევაში სასჯელის აღსრულებით არის გამოხატული“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.