რატი ბრეგაძე - უცხოელ მინისტრებს როდესაც ჩატარებულ რეფორმებს შესაბამისი ფაქტებით ვაცნობდით, პირდაპირ ამბობდნენ, რომ საქართველო იმსახურებს სამართლიან გადაწყვეტილებას
იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაში იუსტიციის სამინისტროს როლზე ისაუბრა.
მინისტრის თქმით, უწყებას ეხებოდა შემდეგი საკითხები – სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების იმპლემენტაცია, ტრეფიკინგსა და ნარკომანიასთან ბრძოლა და მიგრაციის მართვა.
„ამ პერიოდში არაერთი შეხვედრა გვქონდა ავსტრიის, გერმანიის, ირლანდიის, იტალიის, ნიდერლანდების, პორტუგალიის, საბერძნეთის, უნგრეთის, ჩეხეთის, ლატვიის, ფინეთის, ხორვატიისა და კვიპროსის მინისტრებთან. ასევე დავნერგეთ სამართლებრივი ფორუმების პრაქტიკა, რომლებზეც, მათ შორის, განიხილებოდა ქართული სამართლის ევროპულ სამართალთან ჰარმონიზაციის საკითხები. ყველა ამ შეხვედრაზე – და ეს არ იყო შეხვედრები შეხვედრებისთვის, არამედ ჩატარებული იყო ძალიან დიდი წინასწარი სამუშაო – აბსოლუტურად ყველა მინისტრი მხარს უჭერდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და მას შემდეგ, რაც ვაცნობდით ჩატარებულ რეფორმებს, შესაბამისი ფაქტებით, ისინი პირდაპირ ამბობდნენ, რომ საქართველო იმსახურებს სამართლიან გადაწყვეტილებას. სწორედ ეს სამართლიანი გადაწყვეტილება მიღებული იყო ევროკომისიის მიერ. ამას გარდა, პარლამენტში ინიცირებულია კანონი, რომლის თანახმადაც, იუსტიციის სამინისტრო გაუწევს ხელმძღვანელობას ქართული სამართლის ევროკავშირის სამართალთან ჰარმონიზაციის პროცესს. შეიქმნა სპეციალური კომპიუტერული პროგრამა, რომლის მიხედვითაც ხდება ამ პროგრესის გაზომვა. შეიქმნა საჯარო მოხელეებისთვის ევროკავშირის პრაქტიკული სახელმძღვანელოც. მაშინ, როდესაც ჩვენ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს და დავიწყებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, რა თქმა უნდა, ევროკავშირის სამართლის საფუძვლიანი ცოდნა, პრაქტიკულად, ყველა იურისტისთვის ისევე იქნება სავალდებულო, როგორც საქართველოს კონსტიტუციისა“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
რატი ბრეგაძის გამოსვლის ტექსტს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.