რატი ბრეგაძე - თეორიულადაც თუ დავუშვებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაცემაზე ოფიციალური მოთხოვნა შემოვა, ქართულ მხარეს გადაცემაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი აქვს
მიხეილ სააკაშვილი არის მსჯავრდებული ორ საქმეზე და დანარჩენ სამ საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს, შესაბამისად, თეორიულადაც თუ დავუშვებთ, რომ ოფიციალური მოთხოვნა შემოვა, არის უარის საფუძველი, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის სასამართლოსთვის მოწმის სახით დასაკითხად გადაცემის შესახებ საუბრისას აღნიშნა.
მინისტრის თქმით, მსგავსი ოფიცილაური მოთხოვნა ქვეყანას არ მიუღია, თუმცა მოთხოვნის მიღების შემთხვევაში, ქართულ მხარეს მესამე პრეზიდენტის გადაცემაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი აქვს.
„მსგავსი ოფიციალური მოთხოვნა არ შემოსულა, ამიტომ მსჯელობა ჩვენი მხრიდან შესაძლოა გარკვეულწილად არარელევანტურიც იყოს. როდესაც მსგავსი ტიპის მოთხოვნა შემოდის, იქვეა უარის თქმის საერთაშორისო შეთანხმებებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაძლებლობა, იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში პირის მიმართ სისხლის სამართლის წარმოება მიმდინარეობს. როგორც მოგეხსენებათ, სააკაშვილი არის მსჯავრდებული ორ საქმეზე და დანარჩენ სამ საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. შესაბამისად, თეორიულადაც თუ დავუშვებთ, რომ ოფიციალური მოთხოვნა შემოვა, არის უარის საფუძველი“, – განაცხადა ბრეგაძემ.