რატი ბრეგაძე - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის მისასალმებელი და ჰუმანური, რომლითაც კიდევ ერთხელ დასტურდება საქართველოს პენიტენციურ სისტემაში არსებული მაღალი სტანდარტები
საქართველოს იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის მისასალმებელი და ჰუმანური, რომელიც მიზნად ისახავს მსჯავრდებულის ინტერესების დაცვას.
„საქართველოს მთავრობას სტრასბურგის სასამართლოსგან წერილით ეცნობა, რომ მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლებმა მიმართეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს შემდეგი ერთი კონკრეტული მოთხოვნით, დაუყოვნებლივ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მე-18 სამკურანლო დაწესებულებიდან სამოქალაქო კლინიკაში.
სტრასბურგის სასამართლომ მომჩივნის ზემოაღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და დაჟინებით მოუწოდა მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის მისასალმებელი და ჰუმანური, რომელიც მიზნად ისახავს მსჯავრდებულის ინტერესების დაცვას. სასიხარულოა, რომ ჩვენი სულისკვეთება სრულად ემთხვევა“, -აღნიშნა რატი ბრეგაძემ.
რატი ბრეგაძის თქმით, იუსტიციის სამინისტრომ არაერთგზის განმარტა, რომ მათი ინტერესია პატიმრის ჯანმრთელობის დაცვა.
„ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება საქართველოს პენიტენციურ სისტემაში არსებული მაღალი სტანდარტები. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ მივესალმებით და სრულად ვიზიარებთ გადაწყვეტილების სულისკვეთებას. ცხადია, როგორც გადაწყვეტილებაშია მითითებული, 24 ნოემბერისთვის ევროპულ სასამართლოს მივაწვდით ინფორმაციას პატიმრის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების თაობაზე, ასევე გავაგრძელებთ მასზე მზრუნველობას“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.