რატი ბრეგაძე - სტრასბურგის სასამართლომ პოლიტიკურ დევნაზე სააკაშვილის ბრალდება იმდენად დაუსაბუთებლად ჩათვალა, რომ დაუშვებლად გამოაცხადა და არსებითად განხილვის აუცილებლობაც კი ვერ დაინახა
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმეში „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ სრულად გაიმარჯვა ქართულმა სახელმწიფომ, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
ბრეგაძის განმარტებით, სააკაშვილი სტრასბურგის სასამართლოში დავობდა მოსამართლის მიკერძოებულობის, არასაკმარისი მტკიცებულებებისა და პოლიტიკური დევნის თაობაზე. რატი ბრეგაძის თქმით, ევროპულმა სასამართლომ უარი უთხრა სააკაშვილს ყველა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
„დღეს გამოცხადდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, საქმეში „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ სრულად გაიმარჯვა ქართულმა სახელმწიფომ. ქართული სასამართლოს განაჩენით, მიხეილ სააკაშვილი სასჯელს იხდის ვალერი გელაშვილის სასტიკი ცემისა და გირგვლიანის მკვლელების შეწყალების საქმეებზე. მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. როგორც საზოგადოებას კარგად მოეხსენება, მსჯავრდებული არ ეთანხმებოდა ქართული მართლმსაჯულების გადაწყვეტილებას და სტრასბურგის სასამართლოში დავობდა მოსამართლის მიკერძოებულობის, არასაკმარისი მტკიცებულებებისა და პოლიტიკური დევნის თაობაზე. სააკაშვილი ასევე დამატებით აცხადებდა, რომ გირგვლიანის მკვლელების შეწყალების ეპიზოდზე მსჯავრი დაედო ისეთი ქმედებისთვის, რაც პრეზიდენტის დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენდა და ვერ გახდებოდა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი.
ევროპულმა სასამართლომ უარი უთხრა სააკაშვილს ყველა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. სასამართლომ სრულად გაიზიარა მთავრობის სამართლებრივი პოზიცია წარდგენილ მტკიცებულებებთან ერთად და დაადგინა, რომ გირგვლიანის და გელაშვილის საქმეებზე სააკაშვილის მიმართ წარმოებული გამოძიება, სისხლის სამართლებრივი დევნა და მსჯავრდება სრულ შესაბამისობაშია ევროპული კონვენციის სტანდარტებთან. ეჭვქვეშ არ დგება მოსამართლის მიუკერძოებლობა, აგრეთვე ორივე საქმის ფარგლებში არსებობდა სარწმუნო, უტყუარი და კარგად დასაბუთებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დასტურდება მის მიერ დანაშაულების ჩადენა. ასევე, სასამართლო პროცედურები წარიმართა სამართლიანად და მსჯავრდება არის კარგად დასაბუთებული. ევროპულმა სასამართლომ ასევე გაიზიარა მთავრობის პოზიცია, რომ პრეზიდენტის შეწყალების უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ დისკრეციას და მისი ბოროტად გამოყენება, შესაძლოა, სისხლის სამართლებრივად დასჯადი იყოს. რაც შეეხება სააკაშვილის პრეტენზიებს, თითქოს მის მიმართ პოლიტიკური დევნა განხორციელდა, სტრასბურგის სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს მთავრობის პოზიცია და ეს ბრალდება იმდენად დაუსაბუთებლად ჩათვალა, რომ დაუშვებლად გამოაცხადა და არსებითად განხილვის აუცილებლობაც კი ვერ დაინახა“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოიტანა. გადაწყვეტილება ეხება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულ ორ სისხლის სამართლის საქმეს. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ პრესსრელიზში ნათქვამია: „არ არსებობს საფუძველი, რომ ეჭვი შევიტანოთ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი პროცესის სამართლიანობაში“.