რატი ბრეგაძე - სააკაშვილი არც სინდისის პატიმარია და არც პუტინის პირადი ტყვე, ის არის მსჯავრდებული, რომელიც სასჯელს იხდის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ჩვენ შეგვიძლია, ვუთხრათ ნებისმიერ იმ ადამიანს, რომელიც გვაკრიტიკებდა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რომ დღეს აღმოჩნდა საბოლოოდ, რომ სააკაშვილი არ არის არც სინდისის პატიმარი და არც პუტინის პირადი ტყვე; არამედ ის არის მსჯავრდებული, რომელიც სასჯელს იხდის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის გამო, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
იუსტიციის მინისტრის თქმით, სახელმწიფოს წინააღმდეგ დეზინფორმაციულ კამპანიას სტრასბურგის გადაწყვეტილებით დღეს წერტილი დაესვა.
„ეს ყველაფერი დაიწყო 2021 წლის პირველი ოქტომბრიდან, როდესაც მსჯავრდებული სააკაშვილი შემოასახლეს ერთ-ერთ პენიტენციურ დაწესებულებაში. ეს არის იმ კამპანიის დასასრული, რომელიც დაფინანსებული იყო არაერთი მილიონი დოლარით, რომელიც იყო სიცრუეზე დაფუძნებული, დეზინფორმაციული და პირდაპირ მიმართული საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოიტანა. გადაწყვეტილება ეხება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულ ორ სისხლის სამართლის საქმეს. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ პრესსრელიზში ნათქვამია: „არ არსებობს საფუძველი, რომ ეჭვი შევიტანოთ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი პროცესის სამართლიანობაში“.