რატი ბრეგაძე - შესახლების დღიდან მიხეილ სააკაშვილს ჰყავდა 179 ვიზიტორი, იმყოფება ექიმების 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ, შევქმენით კონსილიუმი, ასევე ცალკე სამუშაო ჯგუფი
რატი ბრეგაძე - შესახლების დღიდან მიხეილ სააკაშვილს ჰყავდა 179 ვიზიტორი, იმყოფება ექიმების 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ, შევქმენით კონსილიუმი, ასევე ცალკე სამუშაო ჯგუფი

საზოგადოება ნათლად ხედავს, არჩევს, სად არის სიმართლე და სად – მტკნარი სიცრუე, ჩვენი ოპონენტები მაინც აგრძელებენ ბრალდებებს, რაც მათი პრობლემაა, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

„ბრალდება, რომელსაც ასევე მიზანმიმართულად ცდილობენ, წამოწიონ საზოგადოებაში, იუსტიციის სამინისტროს, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს და ზოგადად, მთავრობას დააბრალონ, თითქოს ჩვენ ვინმეს ვაწამებთ ან არაადამიანურად ვეპყრობით. ამასთან დაკავშირებით განვმარტავთ შემდეგს, შემოსახლებიდან დღემდე, ეს გახლდათ პირველ ოქტომბერს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს ჰყავდა 179 ვიზიტორი. იგი 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება ექიმების მხრიდან. ასევე, მას შემოსახლებისთანავე ზუსტად ორ დღეში, მათ შორის არასამუშაო დღეებში, ამასაც ხაზს გავუსვამ, დაუმზადდა საბანკო ბარათი“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს აქვს ტელევიზორი, ხოლო როდესაც ამოეწურა თანხა ბარათზე და უნდოდა მაცივარი, ადმინისტრაციამ კეთილი ნების საფუძველზე ეს თხოვნაც შეასრულა.

„ასევე, ჩვენს საზოგადოებას ვეტყვი, რომ მუდმივ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში მასთან მორიგეობდა რეანომობილი. ასევე, იქ მორიგეობდნენ ექიმები, რომლებიც ზრუნავდნენ მის ჯანმრთელობაზე. ასევე, სწორედ ჩვენ შევქმენით კონსილიუმი, რომლის მიზანიც იყო, რომ ჩვენს კვალიფიციურ პერსონალთან ერთად გაეწიათ რეკომენდაციები, რომლებსაც მაქსიმალურად ვითვალისწინებდით ყოველ ჯერზე. ასევე, ჩვენ შევქმენით ცალკე სამუშაო ჯგუფი, რომელიც მართლა უპრეცედენტოა მიხეილ სააკაშვილის უფლებრივ მდგომარეობაზე ზედამხედველობაზე მიზნით. ასევე, სწორედ ჩვენ შემოვიყვანეთ ამ ჯგუფში სახალხო დამცველი, პარლამენტის ორი კომიტეტის თავმჯდომარე და ჯანდაცვის მინისტრი. რატომ გავაკეთეთ ეს, იმიტომ, რომ ინფორმაცია იყოს მაქსიმალურად ღია და ხელმისაწვდომი. თუმცა, რა ინფორმაციაც არ უნდა მივაწოდოთ ჩვენს საზოგადოებას, ამას ჩვენი საზოგადოება ნათლად ხედავს, არჩევს, სად არის სიმართლე და სად არის მტკნარი სიცრუე. ჩვენი ოპონენტები მაინც აგრძელებენ მსგავსი ტიპის ბრალდებებს, რაც, რა თქმა უნდა, მათი პრობლემაა. მე ამ ხალხზე არ ვაპირებ საუბარს. მე მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებას ვესაუბრები, რომ ჩვენმა ძვირფასმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახოს, თუ სად არის სიმართლე“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.