რატი ბრეგაძე - საუბარი იმაზე, რომ პატიმრებს შორის გარკვეული იერარქია არსებობს და, პენიტენციური სამსახურის გარდა, სიტუაციას ვინმე აკონტროლებს, არის სრული აბსურდი
პენიტენციურ დაწესებულებას სრულად აკონტროლებს სპეციალური პენიტენციური სამსახური და საუბარი იმის შესახებ, რომ იქ პატიმრებს შორის გარკვეული იერარქია არსებობს და, პენიტენციური სამსახურის გარდა, სიტუაციას ვინმე აკონტროლებს, არის სრული აბსურდი და თითიდან გამოწოვილი, – ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „თავისუფალი ხედვა“ წამყვანის შეკითხვას, რამდენად კონტროლდება ციხის სუბკულტურის მატარებელი პატიმრების გავლენა.
გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რა შეფასებას მისცემს იმ ფაქტებს, რომ ცალკეული პირები საპატიმროებიდან ცდილობენ, სატელეფონო ზარებით „გარეთ გარკვეული საქმეები დაალაგონ,“ რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ გარესამყაროსთან სრული იზოლაცია დაუშვებელია და პატიმრებს ზარის განხორციელების უფლება კანონმდებლობით აქვთ მინიჭებული.
„სატელეფონო ზარის მეშვეობით ვინმე თუ დანაშაულს ჩაიდენს, რა თქმა უნდა, მათ ეზღუდებათ შემდგომში სატელეფონო ზარის განხორციელების უფლება. ამის შესახებ ისინი სათანადოდ არიან ინფორმირებული და ამიტომ თქვენი ეთერის მეშვეობითაც მოვუწოდებ ყველას, რომ მათთვის მინიჭებული სატელეფონო ზარის უფლება კანონსაწინააღმდეგო მიზნებისთვის არასდროს არ გამოიყენონ. ვინმე მსგავს რამეს თუ გააკეთებს, მას ეს უფლება ეზღუდება და ამის პრაქტიკაც ყოფილა“, – განაცხადა ბრეგაძემ.
რატი ბრეგაძემ ასევე განაცხადა, რომ დაწესებულებაში პატიმრების განთავსება იმის მიხედვით არ ხდება, თუ რომელი სუბკულტურის მიმდევრად მიიჩნევს თავს პატიმარი.
„განთავსება ხდება მხოლოდ და მხოლოდ რისკების შესაბამისად. თუ ადამიანი რომელიმე კატეგორიის რისკს მიეკუთვნება, ის შესაბამის დაწესებულებაში თავსდება. არსებობს ე.წ დახურული და ღია დაწესებულებები“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.