რატი ბრეგაძე - საქართველოში პოლიტპატიმრები არ გვყავს, სამართლებრივ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო და ნებისმიერი სახის ჩარევა მიუღებელია
საქართველოში პოლიტპატიმრები არ გვყავს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ჟურნალისტებმა რატი ბრეგაძეს ჰკითხეს: „ევროპარლამენტარებმა უნდა იმსჯელონ ნიკა გვარამიას გათავისუფლების საკითხზე. არის თუ არა დღევანდელი ხელისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხარვეზი, რომ ევროპარლამენტარები თავად ახერხებენ, ცვლილებები შეიტანონ პოლიტპატიმრებთან მიმართებით“.
რატი ბრეგაძის თქმით, გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო ხელისუფლება და ნებისმიერი სახის ჩარევა მიუღებელია.
„ვერ დაგეთანხმებით სიტყვა პოლიტპატიმარში. საქართველოში პოლიტპატიმრები არ გვყავს. რეალურად, შეუძლებელია, ვინმეს საქართველოში ეწოდოს პოლიტპატიმარი. რაც შეეხება კონკრეტული ადამიანების ბედის გადაწყვეტას, ვგულისხმობ სამართლებრივ საკითხებს, გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო ხელისუფლება და ნებისმიერი სახის ჩარევა მიუღებელია“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.