თუკი გამოვალთ გადაწყვეტილების მხოლოდ სამართლებრივი ნაწილიდან და მივცემთ პოლიტიკურ შეფასებასაც, თამამად შეიძლება, ითქვას, რომ საქართველოში ციხის ტერიტორიაზე არ არსებობდა სახელმწიფო, ეს იყო, უბრალოდ, მავთულხლართებით შემოფარგლული ტერიტორია, სადაც აბრაზე იყო წარწერა, რომ აქ აღარ არსებობს სამართალი; დაემორჩილე იმას, რასაც გეტყვიან, თორემ აქედან გამოგასვენებენ, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საქმეზე „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“ საუბრისას განაცხადა.
„რაც შეეხება პასუხისმგებლობას, არსებობს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი, რაც გულისხმობს იმას, რომ კონკრეტულად უნდა აგოს პასუხი ადამიანმა, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა ამ კონკრეტულ დანაშაულზე. მაგრამ მეორე ნაწილი – ეს არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, და მე არ წარმომიდგენია, რომ სახელმწიფოში მთავრობას და პასუხისმგებელ პირებს არ ჰქონოდათ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა ციხეებში, მით უმეტეს, როცა აქ იყო 30 000 თუ მეტი პატიმარი. ბუნებრივია, ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა გაიზიარონ მათ. რა თქმა უნდა, ის, რაც ხდებოდა ციხის ტერიტორიაზე, პირდაპირ რეაქციაში იყო იმ მოვლენებთან, რაც მაშინ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ხდებოდა; და მე ეს იმთავითვე ვთქვი, რომ მთლიანად ეს წამება და არაადამიანური მოპყრობა გამოიყენებოდა, მათ შორის, პოლიტიკური შანტაჟისთვის; კერძოდ, იმისთვის, რომ ამ შეშინებულ ადამიანებს და მათ ახლობლებს არ გაებედათ და არ გამოეხატათ პროტესტი და, რა თქმა უნდა, როგორც არჩევნებში, ისე ყოველდღიურობაში მხარი დაეჭირათ „ნაციონალური მოძრაობისთვის“. წარმოუდგენელია, რომ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონოდა. თუ არ ჰქონდა, ეს არის მეორე დანაშაული, რომ, როდესაც მასობრივად ხდება ასეთი დანაშაულები იმ ტერიტორიაზე, რომელსაც შენ უნდა აკონტროლებდე, თუ ამის შესახებ ინფორმაცია არ გაქვს, ესეც არანაკლები დანაშაულია. შესაბამისად, ასეც და ისეც იმჟამინდელი ხელისუფლება პასუხისმგებელია როგორც სამართლებრივად, ისე პოლიტიკურად მთელ იმ სიტუაციაზე და ისტორიის სამარცხვინო ფურცელზე“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ფაქტები ცხადყოფს, რომ მწამებლები თავად ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ და ახლა ისინი ცდილობენ, სხვას დააბრალონ, რასაც თვითონ „წარმატებით“ აკეთებდნენ.
„დრო არის ერთხელ და სამუდამოდ, რომ ყველამ შეაჩეროს რაიმე სახის წამებაზე ლაპარაკი. მწამებლები იყვნენ თვითონ – ეს არის ფაქტებით დადასტურებული. როგორც სამართლებრივად უნდა აგონ პასუხი, ისე პოლიტიკურადაც.
მინდა, მათ შევახსენო, რომ მათი პოლიტიკური დანაშაულის ხანდაზმულობა ჯერჯერობით არ გასულა. შესაბამისად, ნუ დაავიწყდებათ ის, რომ მათ ამ ყველაფრისთვის სათანადო წესით უნდა აგონ პასუხი. რა იგულისხმება ამაში? ჩახედონ სარკეში საკუთარ თვალებს; ასევე, შეხედონ ადამიანებს და მოუხადონ მათ ბოდიში. ნაცვლად ამისა, დღემდე ცდილობენ საზოგადოების რაც შეიძლება უფრო მეტად დამუნათებას და სიტუაციის იმგვარად წარმოჩენას, რომ რასაც აკეთებდნენ თვითონ „წარმატებით“, დააბრალონ სხვას. ეს არის გამორიცხული. შესაბამისად, დრო არის, რომ გაიაზრონ თავიანთი პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ქართველი ხალხის წინაშე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამის შემდგომ პოლიტიკურ ვერდიქტს მათთან მიმართებით მიიღებს ქართველი ხალხი“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
რატი ბრეგაძემ 2012 წლამდე ციხეებში არსებულ ვითარებაზე საუბრისას ასევე განაცხადა, რომ მაშინდელი ხელისუფლება ხშირად ჭორებს და მოგონილ ამბებს უწოდებდა იმ სისასტიკის შესახებ არსებულ ინფორმაციას, რომელიც ჟონავდა ციხის გარეთ.
„იმისთვის, რომ დამყარებულიყო მაქსიმალური მორჩილება, პატიმრებს ეთანამშრომლათ ციხის ადმინისტრაციასთან, როგორც კი შედიოდა პატიმარი ციხის ტერიტორიაზე, მას ეგრევე ხვდებოდა „საკარანტინო პროცედურები“, რაც გულისხმობდა ხელკეტებით მათ სასტიკად ცემას. იმისთვის, რომ თავიდანვე სცოდნოდათ, რომ ისინი უკვე შევიდნენ იმ ტერიტორიაზე, სადაც აღარ არსებობს სამართალი, და რასაც ეტყვიან, ის უპირობოდ უნდა შეასრულონ, თორემ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაისჯებოდნენ კიდევ უფრო სასტიკად. არსებობდა სპეციალური ჩაფხუტები, პირში თავსდებოდა სპეციალური ბურთი, რომ არ ესაუბრათ. მათ შეეძლოთ, ერთმანეთში ესაუბრათ მხოლოდ ჩურჩულით და თუ ოდნავი ხმა მაინც გამოვიდოდა, მათ ისევ და ისევ გაატარებდნენ ხელკეტების ქვეშ. ასევე, როცა პატიმარი მოთავსდებოდა კარცერში, იქ იყო სპეციალური ლოგინი, რომელიც იყო აკეცილი და დილის 08:00 საათიდან საღამოს 10:00 საათამდე პატიმარს არ შეეძლო დამჯდარიყო. თუკი დაჯდომა მოუნდებოდა, უნდა დამჯდარიყო ცემენტის იატაკზე. მათ ეზღუდებოდათ საკვების მიღება და საპირფარეშოთი სარგებლობაც კი. ასეთ სამწუხარო და, პირდაპირ რომ ვთქვათ, დანაშაულებრივ პრაქტიკასთან გვქონდა საქმე 2012 წლამდე.
ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომელსაც სასამართლოც აღნიშნავს, რომ მხოლოდ 2012 წლის შემდგომ გაბედეს პატიმრებმა ამ დანაშაულებზე საუბარი, რაც ნიშნავს იმას, რომ იმ დანაშაულებრივი რეჟიმით, რომელიც არსებობდა პენიტენციურ დაწესებულებებში, მათ მიღწეული ჰქონდათ უკვე თავიანთი მიზნისთვის, ანუ შიში იყო დასადგურებული. თუკი ვინმე გაბედავდა, ხმა ამოეღო ან ახლობლისთვის ეთქვა ცემის ან არაადამიანური მოპყრობის შესახებ, მას კიდევ უფრო დაუმატებდნენ და მისი წამება და მისგან გამოწვეული როგორც ფიზიკური, ისე სულიერი ტკივილი იქნებოდა კიდევ უფრო მძიმე. ეს სახელმწიფოს სახელით მოქმედი ბოროტმოქმედები უკვე, ფაქტობრივად, განაგებდნენ თავიდან ბოლომდე იმ ადამიანების ბედს, რომელთა უფლებებიც მათ უნდა დაეცვათ და უნდა ეზრუნათ მათთვის ღირსეული პირობების უზრუნველყოფაზე. ახორციელებდნენ, ასევე, შანტაჟს პატიმრების ახლობლებზე და იყენებდნენ მათ გარკვეული პოლიტიკური დანიშნულებითაც კი“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.