რატი ბრეგაძე - საქართველოს მოქალაქეების მიმართ სანქციებს დასაბუთება როცა არ ახლავს, ის ცალსახად ტენდენციურია, ვინმე მსგავს გადაწყვეტილებას როდესაც იღებს, კეთილი უნდა ინებოს და მოაყოლოს დასაბუთება 
რატი ბრეგაძე - საქართველოს მოქალაქეების მიმართ სანქციებს დასაბუთება როცა არ ახლავს, ის ცალსახად ტენდენციურია, ვინმე მსგავს გადაწყვეტილებას როდესაც იღებს, კეთილი უნდა ინებოს და მოაყოლოს დასაბუთება 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, უკრაინის მხრიდან საქართველოს ოთხი მოქალაქის დასანქცირების შესახებ გადაწყვეტილება სრულიად გაუგებარია.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეების მიმართ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები, რომლებსაც არავითარი დასაბუთება არ ახლავს, ცალსახად ტენდენციურია.

„სრულიად გაუგებარია მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები საქართველოს მოქალაქეების მიმართ. ეს ჩვენ ადრეც ვიხილეთ, როდესაც ერთ-ერთი მაღალჩინოსანი პირდაპირ მოუწოდებდა საქართველოს ომში ჩართვისკენ. ამ ყველაფერზე საქართველო არ წამოეგო, პირიქით, ვცდილობთ, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ მშვიდობა, დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები, გვერდით ამოვუდგეთ უკრაინელ ხალხს. მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები სრულიად გაუგებარია. ვფიქრობთ, არ არის კეთილგანწყობა საქართველოს მიმართ, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ეკისრებათ მსგავსი ტიპის სანქციები.

ჩემი პოზიციაა, რომ საქართველოს მოქალაქეების მიმართ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები, რომლებსაც არავითარი დასაბუთება არ ახლავს, ცალსახად ტენდენციურია. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, რომ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები დღეს უკრაინაში იკავებენ მაღალ თანამდებობებს, ესეც სრულიად გაუგებარია ჩვენთვის და ცალსახაა, რომ უკრაინის ხელისუფლებაც  სავარაუდოდ ითვალისწინებს მათ რჩევებს, რასაც სამართალთან არავითარი კავშირი არ აქვს. როდესაც ვინმე მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებას იღებს, კეთილი უნდა ინებოს და მოაყოლოს დასაბუთება, რაც არ არის. მსგავსი ტიპის არასერიოზულ გადაწყვეტილებებზე მეტი კომენტარის გაკეთება მიზანშეწონილი არ იქნება“, – განუცხადა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით, საქართველოს ოთხ მოქალაქეს სანქციები დაუწესდა.