რატი ბრეგაძე - საქართველომ ამ სიმბოლურ დღეს კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა საბოლოო გამარჯვებისკენ, რასაც ჩვენი ქვეყნის სრული დეოკუპაცია ჰქვია
საქართველომ ამ სიმბოლურ დღეს გადადგა კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი საბოლოო გამარჯვებისკენ, რასაც ჩვენი ქვეყნის სრული დეოკუპაცია ჰქვია, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.
ბრეგაძის თქმით, საქართველომ სტრასბურგში 2012 წლის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ არაერთი გამარჯვება მოიპოვა.
„2012 წლიდან საქართველომ არაერთ საქმეზე მოიპოვა გამარჯვება და დაამტიცა ქართული სიმართლე. კერძოდ, 2012 წლიდან სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება დეპორტირებულების საქმეზე, რის შედეგადაც ათი მილიონის კომპენსაცია დაეკისრა რუსეთს; ასევე მიღებული იყო ისტორიული გადაწყვეტილება ომის საქმეზე, რის შემდეგაც ჩვენ, ყველას მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეგვიძლია თქმა, რომ საქართველოს ტერიტორიის გარკვეული ნაწილი არის ოკუპირებული რუსეთის მიერ და ეს არის სამართლებრივად დადასტურებული ფაქტი; ასევე საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი ყველა საქმე ამოირიცხა წარმოებიდან.
დღეს, ამ სიმბოლურ დღეს, ოფიციალურად დასრულდა კიდევ ერთი ისტორიული ბრძოლა სიმართლისთვის საქართველოს გამარჯვებით, ვულოცავ ყველა ქართველს. დღევანდელი გადაწყვეტილებით გაესვა ხაზი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე ბორდერიზაციის პროცესის უკანონობას. კონვენციასთან შეუსაბამოდ გამოცხადდა დე ფაქტო ორგანოების მიერ დაწესებული ნებისმიერი შეზღუდვა და დადგინდა, რომ სისტემატურად ირღვევა სიცოცხლის უფლება, წამების და არასათანადო მოპყრობის აკრძალვა, თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება, საკუთრების უფლება და ასევე გადაადგილების თავისუფლება.
ამ გამარჯვებას ჰყავს თავისი ბევრი გმირი. მადლობა ჩვენს ყველა თანამშრომელს, ვინც ამ საქმეში იყო ჩართული. ასევე მადლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, გენერალურ პროკურატურას და შსს-ს ასეთი სანიმუშო თანამშრომლობისთვის, რომლის შედეგადაც საქართველომ ამ სიმბოლურ დღეს კიდევ ერთხელ გაიმარჯვა და გადადგა ძალიან დიდი ნაბიჯი საბოლოო გამარჯვებისკენ, რასაც ჩვენი ქვეყნის სრული დეოკუპაცია ჰქვია“, – განაცხადა ბრეგაძემ.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დღეს გამოაქვეყნა გადაწყვეტილება საქმეზე – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“, რომელიც ეხება 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ დაწყებული „ბორდერიზაციის“ შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევებს.
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის მხრიდან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი დარღვევა დაადგინა.