რატი ბრეგაძე - საქართველო იქნება იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც მიწაზე საკუთრების უფლების საკითხები ექნებათ ზედმიწევნით მოწესრიგებული
საქართველო იქნება იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც მიწაზე საკუთრების უფლების საკითხები ექნებათ ზედმიწევნით მოწესრიგებული, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმაზე საუბრისას საქართველოს პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„დღეს ჩვენ გვაქვს ისეთი რეალობა, როდესაც დაახლოებით ერთ მილიონ ჰექტარზე მეტ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მქონეთა ვინაობა არის გაურკვეველი. მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტი მიზნად ისახავს, გაირკვეს ყველა მესაკუთრის ვინაობა, იქნება ეს კერძო პირი, სახელმწიფო თუ მუნიციპალიტეტი და გადაიჭრას ეს პრობლემა, რომელიც მრავალი ათეული წლის მანძილზე აწუხებს ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა 2022 წლის პირველი იანვრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სახელმწიფოს 59 მუნიციპალიტეტში სამი წლის განმავლობაში პროაქტიულად, მოქალაქეთათვის სრულიად უსასყიდლოდ, წინასწარ განსაზღვრული გეგმა-გრაფიკით აზომავს, მოიძიებს შესაბამის დოკუმენტაციას და დაარეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს.
რეფორმა მიმდინარეობს სრულიად ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, რომელიც მაქსიმალური სიზუსტით განსაზღვრავს მიწის ნაკვეთებს შორის არსებულ საზღვრებს.
ამ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით აზომილია 155 ათასზე მეტი მიწის ნაკვეთი და საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 59 ათასზე მეტ მიწის ნაკვეთზე. სისტემური რეგისტრაცია სრულად დასრულდება 2024 წლის ბოლოს.
ინფორმაციას საქართველოს საჯარო რეესტრის პრესსამსახური ავრცელებს.