რატი ბრეგაძე - საჯარო რეესტრი არ არის მშენებლობაზე ნებართვის გამცემი ორგანო
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მთავრობის წევრებთან ერთად, ბათუმში შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა, სადაც ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა.
მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საჯარო რეესტრი არ არის მშენებლობაზე ნებართვის გამცემი ორგანო.
„ინფორმაცია გაავრცელა თავად საჯარო რეესტრმა, იყო მათ შორის ინტერვიუც, საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ცხადი რომ გავხადოთ, საჯარო რეესტრი არ არის მშენებლობაზე ნებართვის გამცემი ორგანო. შესაბამისად, მსგავსი ტიპის ყველა კითხვა საჯარო რეესტრთან დაკავშირებით არის არამართებული“,- განაცხადა რატი ბრეგაძემ.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე ჩამოინგრა. დაიღუპა ცხრა და დაშავდა ერთი ადამიანი. შსს-მ კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამი პირი დააკავა. პროკურატურამ მათ ბრალდება წარუდგინასამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანების გარდაცვალება და მძიმე შედეგი გამოიწვია. დაკავებულებს სასამართლომ აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა.