რატი ბრეგაძე - არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ, დააკვირდნენ პროცესებს, პოლიტიკური საქმიანობა თუ სურთ, უფლება აქვთ, დააფუძნონ პოლიტიკური გაერთიანება
საარჩევნო პროცესში მონაწილეობენ პოლიტიკური პარტიები, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციებს შესაძლებლობა აქვთ, დააკვირდნენ საარჩევნო პროცესებს, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.
ბრეგაძის თქმით, საქმიანობის თვალსაზრისით, პოლიტიკურ პარტიასა და არასამთავრობო ორგანიზაციას შორის მკვეთრი სხვაობაა და წითელი ხაზი სათანადოდ უნდა იყოს დაცული.
„ყველას კარგად მოეხსენება, რომ საარჩევნო პროცესში მონაწილეობენ პოლიტიკური პარტიები. სწორედ პოლიტიკური პარტიები უნდა ეწეოდნენ აგიტაციას, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ შესაძლებლობა, დააკვირდნენ საარჩევნო პროცესებს, ასევე სრულიად ნეიტრალურად მოუწოდონ საქართველოს მოსახლეობას, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. მკვეთრი სხვაობა არსებობს პოლიტიკურ პარტიასა და არასამთავრობო ორგანიზაციას შორის. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს თუ სურთ, განახორციელონ პოლიტიკური საქმიანობა, ფაქტობრივად, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში, ამისთვის, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მათ აქვთ შესაძლებლობა, დააფუძნონ პოლიტიკური გაერთიანება და განახორციელონ პოლიტიკური საქმიანობა. ამის უფლება გარანტირებული აქვთ კონსტიტუციით, საქმიანობის კუთხით კი მკვეთრი სხვაობა არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციასა და პოლიტიკურ პარტიას შორის. პოლიტიკური პროცესის ყველა მონაწილისგან ეს წითელი ხაზი სათანადოდ უნდა იყოს დაცული“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.