რატი ბრეგაძე სააკაშვილზე - ჯანმრთელობის მდგომარეობით ნებისმიერი სახის სპეკულაცია არაეთიკურია 
რატი ბრეგაძე სააკაშვილზე - ჯანმრთელობის მდგომარეობით ნებისმიერი სახის სპეკულაცია არაეთიკურია 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, ჯანმრთელობის მდგომარეობით ნებისმიერი სახის სპეკულაცია არაეთიკურია.

რატი ბრეგაძემ მედიის მიერ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

„ჯანმრთელობის მდგომარეობით ნებისმიერი სახის სპეკულაცია არის არაეთიკური. შესაბამისად, მე ამ საკითხზე წინასწარ შეფასებებს ვერ დავიწყებ. როგორც მოგეხსნებათ, ცენტრ „ემპათიას“ დასკვნა არავის უნახავს. ეს დასკვნა ბუნებაში არ არსებობს. მას შემდეგ, რაც დასკვნა იარსებებს, მხარეებს შეუძლიათ, მიმართონ სასამართლოს იმ ფაქტის დასადასტურებლად, არის თუ არა ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთი მძიმე, რომ არ შეესაბამებოდეს სასჯელის მოხდის მიზნებს. შემდეგ უნდა იმსჯელოს სასამართლომ და არა იუსტიციის მინისტრმა ან იუსტიციის სამინისტრომ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ბრეგაძის თქმით, იმისთვის, რომ პატიმარმა დატოვოს პენიტენციური დაწესებულება, სასჯელი უნდა იყოს გადავადებული ან პირი უნდა იყოს სასჯელისგან გათავისუფლებული.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, პატიმრისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო.

„ევროკავშირი ეფუძნება კანონის უზენაესობის იდეას და კანონის უზენაესობა საქართველოში, ისევე, როგორც სხვა ქვეყანაში, კანონის განურჩევლად დაცვას გულისხმობს. საქართველოს კანონმდებლობით, მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ პენიტენციურ დაწესებულებაში. იმისთვის, რომ პირმა დატოვოს პენიტენციური დაწესებულება, სასჯელი უნდა იყოს გადავადებული ან ის უნდა იყოს გათავისუფლებული. ამის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრის თქმით, ყველა ვალდებულია, საქართველოში არსებულ კონსტიტუციურ წესრიგს პატივი სცეს.

„საქართველოში სასამართლო არის დამოუკიდებელი და ბუნებრივია, როგორც ქართველები, ასევე ნებისმიერი სხვა ადამიანი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, ვალდებული ვართ, პატივი ვცეთ საქართველოში არსებულ კონსტიტუციურ წესრიგს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.