პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვენი მოვალეობაა, რასაც განუხრელად ვასრულებთ ნებისმიერი პატიმრის მიმართ, მსჯავრდებულ სააკაშვილს მისი პატიმრობის ყველა ეტაპზე დროულად მიეწოდა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება და იგი ახლაც მკურნალობის მიზნით იმყოფება კლინიკაში, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
ამასთან, როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სამარცხვინო პერიოდი 2012 წლიდან ისტორიას ჩაბარდა.
„საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ როდესაც პატიმარი სააკაშვილი შიმშილობდა, ვგულისხმობ პენიტენციურ დაწესებულებებს, მას პენიტენციური სამსახური შესაბამისი პროტოკოლის განუხრელი დაცვით შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებდა. დაინტერესებული მხარე კი ყველა შესაძლო ფორმით უბიძგებდა შიმშილობის, ანუ ჯანმრთელობის მდგომარეობის ხელოვნურად გაუარესებისკენ. ადვოკატების მიერ შესაძლო მოწამვლის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, პატიმარ სააკაშვილს შევთავაზეთ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება, რაზეც მან უარი განაცხადა. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ იგი არ აძლევს გამოძიებას ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზისთვის საჭირო ნიმუშების აღების შესაძლებლობას, რაც იმის მანიშნებელია, რომ მხარე არ არის დაინტერესებული სიმართლის დადგენაში. ჯანმრთელობაზე ზრუნვის სულისკვეთებიდან გამომდინარე, ჩვენ ასევე შევთავაზეთ მსჯავრდებულ სააკაშვილს და მისი დაცვის მხარეს, ჩამოეყვანათ ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი, რომლის მკურნალობაში ჩართვასაც ჩვენ შევუწყობდით ხელს, თუმცა ამ შეთავაზებასაც მხარე არ გამოხმაურებია და არ ისარგებლეს აღნიშნული შეთავაზებით“, – განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, შიმშილი, ზრდასრულისთვის არასაკმარისი კალორაჟის საკვების მიღება, ექსპერტიზის ჩატარებისთვის აუცილებელი ნიმუშების არჩაბარება, მედიკამენტების შერჩევით მიღება, სამედიცინო პერსონალის მიმართ გამუდმებული მუქარა და შეურაცხყოფა – ამ ყველაფრის პირდაპირი ან ირიბი ფორმით წახალისება ვერ ჩაითვლება იმ პირთა ქმედებად, რომლებიც დაინტერესებული შეიძლება იყვნენ პატიმრის ჯანმრთელობით.
ბრეგაძის განმარტებით, მოვლენათა განვითარების მთელი ეს ჯაჭვი მიზნად ისახავს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას და ამ გზით სასჯელის აღსრულებისგან თავის დაღწევას.
„პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, რა თქმა უნდა, ჩვენი მოვალეობაა, რასაც განუხრელად ვასრულებთ ნებისმიერი პატიმრის მიმართ. მსჯავრდებულ სააკაშვილს მისი პატიმრობის ყველა ეტაპზე დროულად მიეწოდა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება და იგი ახლაც მკურნალობის მიზნით იმყოფება კლინიკაში. პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სამარცხვინო პერიოდი 2012 წლიდან ჩაბარდა ისტორიას. დღევანდელი ქართული სახელმწიფო კი მოქმედებს პატიმართა მიმართ ადამიანის უფლებათა უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად“, – აღნიშნა ბრეგაძემ.
მინისტრის განცხადებით, იუსტიციის სამინისტრო, სპეციალური პენიტენციური სამსახური, სამედიცინო დაწესებულება და ცალკეული ექიმები ვერ იქნებიან პასუხისმგებელი პატიმრის თვითდაზიანებაზე, მათ შორის პატიმრის მიერ სამედიცინო დანიშნულების შეუსრულებლობაზე.
„500-დღიანი პოლიტიკური კამპანიის, სამედიცინო პერსონალის მიმართ პატიმრის ქცევისა და მისი მხრიდან რეგულარული თვითდაზიანების გათვალისწინებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს და სამედიცინო პერსონალს ურთულეს პირობებში უწევთ საკუთარი მოვალეობის შესრულება და დაუშვებელია, რომ ეს ადამიანები იყვნენ შეურაცხყოფის, თუ კიდევ უფრო დაუშვებელია ის, რომ ისინი ხშირად ხდებიან მუქარის ობიექტები. ასევე, კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის ყოველგვარი მცდელობა, პატიმრის თვითდაზიანებაზე პასუხისმგებლობა პოლიტიკური კამპანიებით მათზე იქნას გადატანილი. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ამ ადამიანებს დიდი მადლობა გადავუხადო ღირსეული სამსახურისთვის“, – განაცხადა ბრეგაძემ.
მისი თქმით, აკვირდებიან სახელმწიფოს იმიჯის დაზიანებისთვის გამიზნულ პოლიტიკურ კამპანიას და ყოვლად მიუღებელ მცდელობას, კონკრეტულმა პატიმარმა თვითდაზიანებით უზრუნველყოს პატიმრობიდან თავის დაღწევა, რის მიმართაც, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, იუსტიციის სამინისტრო ვერ იქნება ლოიალური.
ბრეგაძის განმარტებით, ეს არის საშიში პრეცედენტი, რომელსაც შეუძლია, იქონიოს წამახალისებელი ეფექტი სხვა პატიმრების ქცევაზე, რაც სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის, შესაძლოა, სერიოზულ გამოწვევად იქცეს.
„ვაკვირდებით სახელმწიფოს იმიჯის დაზიანებისთვის გამიზნულ პოლიტიკურ კამპანიას და ყოვლად მიუღებელ მცდელობას, კონკრეტულმა პატიმარმა თვითდაზიანებით უზრუნველყოს პატიმრობიდან თავის დაღწევა, რის მიმართაც, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, იუსტიციის სამინისტრო ვერ იქნება ლოიალური, ვინაიდან ეს არის საშიში პრეცედენტი, რომელსაც შეუძლია, იქონიოს წამახალისებელი ეფექტი სხვა პატიმრების ქეცევაზე, რაც სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის, შესაძლოა, სერიოზულ გამოწვევად იქცეს.
კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ჩვენ პასუხისმგებელი შეიძლება ვიყოთ მხოლოდ ჩვენი მოვალეობის სათანდო შესრულებაზე, მაგრამ ვერანაირად ვერ ვიქინებით პასუხისხმგებელი პატიმრის თვითდაზიანებაზე, რაც მის მიერ არაკალორიული საკვების შერჩევით მიღებასა და სამედიცინო დანიშნულების რეგულარულ არშესრულებაში გამოიხატება. პატიმრის ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ ყველას, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის თვითდაზიანების მხარდაჭერა. მოუწოდონ მას მისი ჯანმრთელობისთვის სასიკეთო სამედიცინო რეკომენდაციების შესრულებისკენ და შეწყვიტონ სასჯელის აღსრულების საკითხის პოლიტიზება. დაბოლოს, საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო, რომელიც, ერთი მხრივ, იცავს პატიმრის უფლებებს, ამავდროულად, უზრუნველყოფს კანონის აღსრულებას, რაც ამ შემთხვევაში სასჯელის აღსრულებით არის გამოხატული“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.