რატი ბრეგაძე - სააკაშვილთან დაკავშირებით რომელ გატაცებაზეა საუბარი და როგორ ბედავენ მსგავსი ეპითეტების გამოყენებას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, რომლებიც თავს დებენ, რომ ქვეყანაში უსაფრთხოება სათანადო დონეზე იყოს დაცული
სააკაშვილის რომელ გატაცებაზეა საუბარი, და საერთოდ, როგორ ბედავენ მსგავსი ეპითეტების გამოყენებას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, რომლებიც, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, თავს დებენ, რომ ამ ქვეყანაში უსაფრთხოება სათანადო დონეზე იყოს დაცული, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომელიც გამოეხმაურა განცხადებებს იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებიდან გაიტაცეს.
ბრეგაძის თქმით, ესეც არის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ ცდილობენ დესტრუქციული ძალები სახელმწიფო ინსტიტუტებზე მიზანმიმართული შეტევის განხორციელებას.
„მათ არ ესმით არც სიმშვიდე, არც მშვიდი ენა და დროა, შეეგუონ იმას, რომ არსებობს კანონი, რომელსაც სჭირდება დაცვა, რა განცხადებებიც არ უნდა აკეთონ, დროა, სამართლებრივი მსჯელობა გადმოიტანონ ქაღალდით, კალამით და არა რევოლუციური მოწოდებებით. არავის მათი რევოლუციური მოწოდებების არ ეშინია. როდესაც ვაცხადებდით, რომ ნებისმიერი სცენარისთვის ვართ მზად, მგონი, როგორც მათ, ისე დანარჩენმა საზოგადოებამაც ნათლად დაინახეს ჩვენი ეს მზადყოფნა. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რა სცენარიც არ უნდა განავითარონ, ყველაზე იქნება ადეკვატური პასუხი“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ „იმედის“ ეთერში.
იუსტიციის მინისტრი აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოება საუკეთესოდ იქნება დაცული.
„რაც შეეხება როგორც უსაფრთხოებას, ასევე ჯანმრთელობას, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ექიმებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ზრუნავენ პატიმარ სააკაშვილის, ასევე სხვა პატიმრების ჯანმრთელობაზე. ჩვენ სწორედ ამ მიზნით შევქმენით ცალკე კონსილიუმი, რომელშიც არიან ძალიან მაღალი ავტორიტეტის მქონე ექიმები. მინდა, მათ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო იმ კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის, რომელიც გვაქვს ამ კონსიულიმში შემავალ ექიმებთან. მე-12 დაწესებულებაში 24 საათის განმავლობაში მორიგეობდა რეანომობილი და მათი თანამშრომლები. აბსოლუტურად ყველაფერი კეთდებოდა, კეთდება და გაკეთდება, რათა ამ ადამიანის ჯანმრთელობა იყოს მაქსიმალურად დაცული. რაც შეეხება უსაფრთხოებას, ხაზგასმით ვიტყვი, რომ დღეის მდგომარეობით, საუკეთესოდ იქნება დაცული ამ დაწესებულებაში. აქ ტარდება უამრავი სხვადასხვა სახის სამუშაო, რათა იყოს ამ კონკრეტული პატიმრის უსაფრთხოება დაცული და ბუნებრივია, ჩვენი თანამშრომლები დღის და ღამის განმავლობაში ზრუნავენ მის უსაფრთხოებაზე, აქ მას საფრთხე არ შეექმნება. იქნება ყველაზე მეტად დაცული, სადაც კი უბრალოდ შესაძლებელია, რომ ის იყოს დაცული“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე მიხეილ სააკაშვილი მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გადაყვანილია N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში.