რატი ბრეგაძე - სააკაშვილმა მე-18 დაწესებულებაში როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს თანამშრომლებს, ამ საკითხს ვსწავლობთ და იქნება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება
რატი ბრეგაძე - სააკაშვილმა მე-18 დაწესებულებაში როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს თანამშრომლებს, ამ საკითხს ვსწავლობთ და იქნება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება

საქართველოს იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა გლდანის ნომერ მე-18 დაწესებულების თანამშრომლებს როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხოფა მიაყენა.

მისივე თქმით, საკითხს გენერალური ინსპექცია შეისწავლის და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებაც მოხდება.

„როდესაც მიხეილ სააკაშვილი იყო შესახლებული ამ ახალ დაწესებულებაში, ნომერ მე-18 დაწესებულებაში, სამწუხაროდ, მან როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს თანამშრომლებს. აქვე გეტყვით, რომ ესენი არიან ის თანამშრომლები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ზრუნავენ ამ ქვეყნის უსაფრთხოებაზე და თითოეული პატიმრის უფლების დაცვაზე. ჩვენ ვერავის მივცემთ ამ თანამშრომლებისთვის შეურაცხყოფის მიყენების უფლებას. რა თქმა უნდა, იქნება ჩვენი მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება, ჩვენ ვსწავლობთ ამ საკითხს. ხაზგასმით ვამბობ, ვერავის, ვინც არ უნდა იყოს ის, ვერ მივცემთ იმის უფლებას, რომ ჩვენს საამაყო თანამშრომლებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ამ ქვეყნის სამსახურში არიან და თვეების განმავლობაში საკუთარ ოჯახის წევრებსაც კი ვერ ნახულობენ, ვერავის მივცემთ ამის უფლებას. ბუნებრივია, შესაბამისი რეაგირება იქნება“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მინისტრის განმარტებით, მაშინ, როცა პროცედურების დარღვევაზე მიმდინარეობს საუბარი, არც ერთი ნორმა დარღვეული არ ყოფილა.

„ამ საკითხს ვსწავლობთ და ძალიან მალე გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი. დაიწყებს შესწავლას გენერალური ინსპექცია და მიღებული იქნება შემდეგი გადაწყვეტილებები, რაც, რა თქმა უნდა, ეცნობება როგორც ადვოკატებს, ასევე საზოგადოებას. ვინმე რაიმე პროცედურის დარღვევაზე როცა საუბრობს, აბსოლუტურად არც ერთი ნორმა არ იყო დარღვეული. როდესაც იგი იყო შესახლებული შესაბამის დაწესებულებაში, შესაბამისი წესით ეცნობა იმ პირებს, რომლებმაც უნდა მიიღონ შესაბამისი სახის ინფორმაცია. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო პატიმარ სააკშვილის ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანის პროცესში“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ „იმედის“ ეთერში.