რატი ბრეგაძე - სააკაშვილის რაიმე სახის მოწამვლაზე საუბარი გამორიცხულია, ჩვენი თითოეული სიტყვის უკან არის მტკიცებულება, მათი თითოეული ქმედების უკან კი - სიცრუე და ცილისწამება
აღმოჩნდა, რომ ყველა ის მეტალი, რომლებზეც აპელირებდა მსჯავრდებულ სააკაშვილის მხარე, არის აბსოლუტურ ნორმაში სისხლში და, შესაბამისად, აქ რაიმე სახის მოწამვლაზე საუბარი გამორიცხულია, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილის ე.წ. მძიმე მეტალებით მოწამვლის თემა იყო მილიონდოლარიანი კამპანია, რომელიც კრახით დასრულდა.
„ის, ასევე, გასინჯეს უცხოელმა ექსპერტებმა, რომლებიც შემდგომ მონაწილეობდნენ მის სასამართლო პროცესში, და როდესაც მათ მიერ აღებული ნიმუშები გაიგზავნა ერთ-ერთ ამერიკულ ლაბორატორიაში, იქ მითითებული მონაცემებიც კი, საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა ნორმის ფარგლებში. სწორედ ამ ამერიკული ლაბორატორიის ანალიზების მიხედვითაც აღმოჩნდა, რომ ყველა მონაცემი იყო ნორმაში და, მათ შორის, ნორმის ქვედა ზღვართან. მთელი ეს ისტორია მიუთითებს ნათლად იმ გარემოებაზე, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებული მილიონდოლარიანი კამპანია დასრულდა კრახით. მილიონ დოლარზე მეტია დახარჯული მთელ ამ კამპანიაზე, რომელიც მიზნად ისახავს მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთ რამეს, რომ რაიმე სახით სააკაშვილმა მოიპოვოს უკანონოდ თავისუფლება და, ამავდროულად, დააზარალოს სახელმწიფო. ჩვენი თითოეული სიტყვის უკან არის მტკიცებულება, ხოლო მათი თითოეული ქმედების უკან არის ძალიან დიდი სიცრუე და ცილისწამება, რაც არაერთხელ დადასტურდა მრავალი ფაქტით“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.
ამასთან, რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის გაგზავნაზე საუბრისას აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლო როდესაც გაუზიარებთ დოკუმენტაციას, საზოგადოებას საქმის კურსში ჩააყენებენ.
„რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი დაცვის მხარის განცხადებებით, მათ შეიტანეს სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში, ვიდრე სასამართლო ჩვენ არ გაგვიზიარებს ამ დოკუმენტაციას, ჩვენ არ გვაქვს შინაარსის შესახებ რაიმე სახის წინასწარი ინფორმაცია. როდესაც გვექნება, ყოველთვის მზად ვართ, ვისაუბროთ. ჯერ არ გვქონია კომუნიკაცია სტრასბურგის სასამართლოსთან, მათ ჩვენთვის რაიმე კითხვა ან რაიმე სახის დოკუმენტები არ გამოუგზავნიათ. შესაბამისად, ჩვენთვის სარჩელის შინაარსი არის უცნობი. მზად ვართ, როდესაც გვექნება ინფორმაცია, საზოგადოება ჩავაყენოთ საქმის კურსში“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.