რატი ბრეგაძე - სააკაშვილის გამოჯანმრთელებით დაინტერესებულებს და თავად მსჯავრდებულსაც მოვუწოდებთ, ჩანასახშივე განწირული მანიპულაციების ნაცვლად, შეასრულონ ექიმების რეკომენდაციები
მსჯავრდებულის გამოჯანმრთელებით გულწრფელად დაინტერესებულ ადამიანებს და თავად მსჯავრდებულსაც მოვუწოდებთ, რომ, ჩანასახშივე განწირული მანიპულაციების ნაცვლად, შეასრულოს ექიმების რეკომენდაციები და მიიღოს იმ რაოდენობის და იმ სახეობის საკვები, რასაც ეუბნებიან ექიმები, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.
როგორც რატი ბრეგაძემ აღნიშნა, საქართველოსთვის ზიანის მიყენებაზე ორიენტირებულმა რადიკალებმა განაახლეს ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობები, ამჟამინდელი, ტყუილზე დაფუძნებული კამპანიის მიზანია მსჯავრდებულის თავისუფლების უკანონოდ მოპოვება, მათ შორის, სახელმწიფოს ინტერესების დაზიანების ხარჯზე.
„იმ ძალის წარმომადგენლები, რომლებიც მხოლოდ პარლამენტის წევრის პრივილეგიებით სარგებლობენ და სიმართლისთვის თვალის გასწორების შიშით პრემიერის მოხსენებისას დარბაზიდან გარბიან, რითიც, პირველ რიგში, საკუთარ ამომრჩეველს აყენებენ ძალიან დიდ შეურაცხყოფას, რაც განსაკუთრებით სამწუხაროა, რითიც სახელმწიფოს აჩვენებენ საკუთარ დამოკუდებულებას, არის ის, რომ საგაზაფხულო სესიის დახურვისას, საქართველოს ჰიმნის დროსაც არ ასრულებენ საკუთარ მოვალეობას. საქმე გვაქვს სწორედ ამ „პოლიტიკურ ძალასთან“, სწორედ ამ „პოლიტიკოსებს“ სურთ მსჯავრდებულის გარშემო აჟიოტაჟის შექმნა და მის ხარჯზე პოლიტიკურ წარსულში გადაბარგების თუნდაც ძალიან მცირე ხნით გადავადება. ჩვენ, როგორც ადრე, მომავალშიც გავაგრძელებთ ჩვენი ძვირფასი ხალხის ინფორმირებას და სიმართლის თქმას. საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია მიხეილ სააკაშვილის მიერ წარმოებული საკმაოდ ხანგრძლივი თვითდაზიანება, რომელიც მიზნად ისახავდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას და ამით სასჯელის გადავადებას ან გათავისუფლებას, თუმცა საზოგადოებამ იხილა, რომ ტყუილზე დაფუძნებული მოკლე ნაბიჯები ძალიან სწრაფად დასრულდა. მსჯავრდებული სააკაშვილი ახლაც სრულად არ ემორჩილება მკურნალობის კურსს და არ იღებს ექიმების მიერ რეკომენდირებულ საკვებს. მსჯავრდებულის გამოჯანმრთელებით გულწრფელად დაინტერესებულ ადამიანებს და თავად მსჯავრდებულსაც მოვუწოდებთ, ჩანასახშივე განწირული მანიპულაციების ნაცვლად, შეასრულოს ექიმების რეკომენდაციები და მიიღოს იმ რაოდენობის და იმ სახეობის საკვები, რასაც ეუბნებიან ექიმები“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.