რატი ბრეგაძე - სააკაშვილი ყოველთვის იღებდა შესაბამის სამედიცინო მომსახურებას, რადიკალური ოპოზიციის ნაწილი ცდილობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა პოლიტიკური დღის წესრიგისთვის გამოიყენოს
რატი ბრეგაძე - სააკაშვილი ყოველთვის იღებდა შესაბამის სამედიცინო მომსახურებას, რადიკალური ოპოზიციის ნაწილი ცდილობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა პოლიტიკური დღის წესრიგისთვის გამოიყენოს

სახელმწიფო მაქსიმუმს აკეთებს, რათა სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლება სრულად იყოს რეალიზებული, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი ყოველთვის იღებდა შესაბამის სამედიცინო მომსახურებას სახელმწიფოს მხრიდან.

„ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უმჯობესია, ისაუბრონ ექიმებმა. ჩემი მხრივ, შემიძლია, ვთქვა, რომ სახელმწიფო აკეთებს მაქსიმუმს, რათა მისი ჯანმრთელობის უფლება სრულად იყოს რეალიზებული. სახელმწიფოს მხრიდან ის ყოველთვის იღებდა შესაბამის და ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას როგორც უშუალოდ პენიტენციურ დაწესებულებაში, ასევე მე-18 სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში, შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. როგორც მოგეხსენებათ, ასევე სააკაშვილი იმყოფებოდა მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც დანიშნული ჰქონდა მედიკამენტოზური მკურნალობა, თუმცა, საკუთარი გადაწყვეტილებით, ის სრულფასოვნად არ იტარებდა მკურნალობას. გამორიცხული რომ ყოფილიყო შემდგომი გართულებების რისკი, იგი გადაყვანილ იქნა კლინიკა „ვივამედში“, სადაც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. სახელმწიფო აკეთებს მაქსიმუმს როგორც ამ კონკრეტული მსჯავრდებულისთვის, ასევე ყველა სხვა პირისთვის, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებებში იმყოფებიან და ასე გაგრძელდება შემდგომშიც“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

კითხვაზე, ოპოზიცია ხომ არ ცდილობს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულირებას, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ რადიკალური ოპოზიციის ნაწილი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პოლიტიკური დღის წესრიგისთვის გამოყენებას ცდილობს.

„ზოგადად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ოპოზიცია, უფრო სწორად რადიკალური ოპოზიციის გარკვეული ნაწილი, ყოველთვის ცდილობს, ეს  პოლიტიკური დღის წესრიგისთვის გამოიყენოს. ასევე, ჩვენ ვიხილეთ ადვოკატის განცხადება – მან თქვა, რომ დასკვნა იქნებოდა კონფიდენციალური, რომელიც სასამართლოს წარედგინებოდა და არავის ექნებოდა ამაზე წვდომა, თუმცა ვხედავთ პოლიტიკოსებს, რომლებიც „ყოვლისმცოდნეები“ არიან და საუბრობენ მსჯავრდებული სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, აკეთებენ საკუთარ შეფასებებს. ვფიქრობ, ეს მართებული არ არის. ასევე, არც ბოლომდე მორალური და ეთიკურია, როდესაც ეს ადამიანები ცდილობენ, კონკრეტული ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნაკლებად იყო გამოხატული ინტერესი, ყოველ შემთხვევაში, აქამდე, რაც უშუალოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის დაცულობას შეეხება. ამის კონკრეტული მაგალითია, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, იმის ნაცვლად, რომ  შიმშილობის შეწყვეტისკენ მოეწოდებინათ, გარკვეულ ტელეარხებზე პირდაპირ მოუწოდებდნენ, რომ შიმშილობის შეწყვეტა იქნებოდა პოლიტიკური თვითმკვლელობის ფასი და ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაეკეთებინა. ცდილობდნენ, ეს გმირულ საქციელთან გაეიგივებინათ, რაც ყოვლად მიუღებელი იყო, რადგან ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მოშიმშილეს არ მოუწოდებს შიმშილობის შეწყვეტისაკენ, ძალიან მწყრალად არის მორალთან. ეჭვი მეპარება, ადამიანი, რომელიც მოშიმშილეს, პირიქით, ეუბნება, გააგრძელოს შიმშილობა, ის ნამდვილად, გულწრფელად იყოს დაინტერესებული მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით და არ სურდეს პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება. რა თქმა უნდა, პოლიტიკაშიც არსებობს მორალი, არსებობს წითელი ხაზები და ეს ყველამ უნდა დაიცვას, თუმცა, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ, ხშირ შემთხვევაში, მსგავსი ნაბიჯები მაინც იდგმება, ირღვევა ეს წითელი ხაზები, პირველ რიგში, ადამიანური და მორალური“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.