რატი ბრეგაძე - სააკაშვილი საქართველოში ჩამოდიოდა არაკონსტიტუციურად ხელისუფლების მოსაპოვებლად, მადლობა შსს-სა და სუს-ს, რომელთა მუშაობის შედეგად, სახელმწიფომ მოსახლეობას აარიდა მძიმე განსაცდელი
მიხეილ სააკაშვილი დღეს იმყოფება მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ და იღებს ყველა საჭირო მომსახურებას, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში განაცხადა.
როგორც რატი ბრეგაძემ აღნიშნა, ხშირად ისმის ბრალდება, რომ სახელმწიფომ მისთვის არაფერი გააკეთა. ეს ადამიანი საქართველოში ჩამოდიოდა ერთადერთი მიზნით, ეს იყო არაკონსტიტუციური გზებით ხელისუფლების მოპოვება.
„დიდი მადლობა ეკუთვნის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელთა გამართული მუშაობის შედეგად, სახელმწიფომ მოსახლეობას აარიდა ძალიან მძიმე განსაცდელი, რაც ამ ხალხს უნდოდა, თუმცა არ გამოუვიდათ. მიხეილ სააკაშვილი აღმოჩნდა მე-12 დაწესებულებაში, სადაც მას ყოველთვის დროული და ადეკვატური სამედიცინო მომსახურება უტარდებოდა. მან დაიწყო თვითდაზიანების რეჟიმი და ეს იყო შიმშილობის გამოცხადება. სწორედ მაშინ, როდესაც ეს ხალხი თითქოსდა ჩვენ მორალზე გველაპარაკება, ეს ხალხი იყო სწორედ, რომელიც მას მოუწოდებდა, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეეწყვიტა შიმშილობა და ეუბნებოდნენ, რომ ეს პოლიტიკური თვითმკვლელობის ფასი იქნებოდა. როდესაც მან შიმშილობა გამოაცხადა, სპეციალური პენიტენციური სამსახური და სამედიცინო პერსონალი ყველანაირი პროტოკოლის დაცვით მოქმედებდა, როდესაც იყო იმის რისკი, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულიყო სწორედ იმ ქმედებებით, რომელსაც თავად მიმართავდა. ჩვენ ის გადავიყვანეთ მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. მე-12 დაწესებულებაში, ასევე, დამატებით რეანომობილი მივიყვანეთ, სადაც 24 საათის განმავლობაში მორიგეობდა პერსონალი, რომელიც გართულების შემთხვევაში მყისიერად მოახდენდა რეაგირებას. შემდგომში ის მე-18 დაწესებულებაში გადავიდა, როდესაც დადგა საჭიროება, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადავიყვანეთ, სადაც ჩაუტარდა ყველა საჭირო ღონისძიება, ამის შემდგომ ეს ადამიანი დაბრუნდა მე -12 დაწესებულებაში და კვლავ დაიწყო თვითდაზიანება. მას ჰქონდა დანიშნული მედიკამენტოზური მკურნალობა და ასევე უნდა მიეღო საკვები, უნდა გასულიყო სასეირნოდ, თუმცა იგი მხოლოდ შერჩევით იღებდა მედიკამენტებს, ასევე იღებდა მხოლოდ იმ საკვებს, რომელიც მას სურდა მხოლოდ იმისთვის, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულიყო და ეს გამოეყენებინათ შემდეგში პოლიტიკური მიზნებისთვის. ამის შემდეგ შევთავაზეთ კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანა.
დღეს ის იმყოფება მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ და იღებს ყველა საჭირო მომსახურებას, ამას აკეთებს სახელმწიფო. ჩატარდა ექსპერტიზა ცენტრ „ემპათიის“ მიერ, რომელშიც უცხოელი ექსპერტები მონაწილეობდნენ. სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა, რომ მათაც მიეღოთ მონაწილეობა და სათქმელი არაფერი დარჩენილიყო. ბოლოს, იუსტიციის სამინისტრომ მათ შესთავაზა, ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი ჩამოეყვანათ და სახელმწიფო გააკეთებდა ყველაფერს, რომ ისინი ჩართულიყვნენ მის მკურნალობაში. ქალბატონმა სალომემაც ახსენა, რომ რამდენიმე დღის წინ ის იმყოფებოდა სააკაშვილთან, სალომე არის იმ ვიზიტორთა შორის, რომელთა რიცხვი არის 1 600 მდე. ერთი წლის განმავლობაში 1 600 ვიზიტორს შეუშვებდნენ, თუკი სახელმწიფო ამ ადამიანს ვინმეს უმალავს?! ეს არის სრული აბსურდი და პასუხია – არა. სახელმწიფოს წინააღმდეგ დაიწყო ძალიან ცუდი და საფრთხეების შემცველი დეზინფორმაციის კამპანია, მავანი ცდილობდა, სახელმწიფოსთვის დაებრალებინა, რომ ის არის მწამებელი და ადამიანის უფლებების დამრღვევი. ეს ხდება რა პერიოდში – მაშინ, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რომ ქართველი ხალხის საწადელი ასრულდეს, რაც გულისხმობს ევროპის სრულფასოვან წევრობას. სწორედ ამ დროს, ეს ხალხი აკეთებს ყველაფერს, რათა დააზიანოს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი, ასევე შიგნით გამოიწვიოს არეულობა, თითქოს ვინმეა მწამებელი“, – განაცხადა ბრეგაძემ.