რატი ბრეგაძე - რუსთავის დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა თუ დაიწყო, მისი გადაყვანა მოხდება გლდანის მე-18 დაწესებულებაში და არა გორის ჰოსპიტალში
რუსთავის დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ, იმ შემთხვევაში თუ მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო, მოხდება მისი გადაყვანა გლდანის მე-18 დაწესებულებაში და არა გორის ჰოსპიტალში, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო, როგორ გაგრძელდება პროცესი.
„ამ შემთხვევაში და ზოგადად, ეს ყოველთვის ასეა, კონკრეტული მსჯავრდებულისთვის ან ბრალდებულისთვის. თუკი შესაძლებელია, რომ პრობლემა შეექმნას ჯანმრთელობას, ამ შემთხვევაში არსებობს გლდანის ნომერ მე-18 დაწესებულება, სადაც გადაგვყავს ხოლმე ჩვეულებრივად ყველა პატიმარი და ამ შემთხვევაში, ისიც იქნება გადაყვანილი ნომერ მე-18 დაწესებულებაში, როგორც ეს იყო წინა შემთხვევაში. საზოგადოებამ ნათლად იხილა, რომ მას მიეწოდა ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება; მათ შორის, ნომერ მე-18 დაწესებულებაში. ეს არის სტანდარტი, რომელიც ვრცელდება ყველა პატიმართან მიმართებაში; ბუნებრივია, კანონის წინაშე გამონაკლისი არავინ არ არის“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.