რატი ბრეგაძე - რუსეთის ფედერაციიდან მხოლოდ საქართველოში არ ხორციელდება ფრენები და საქართველოს მოქალაქეებს თუ გაუმარტივდებათ გადაადგილება, ამაში ცუდს ვერ ვხედავ
რატი ბრეგაძე - რუსეთის ფედერაციიდან მხოლოდ საქართველოში არ ხორციელდება ფრენები და საქართველოს მოქალაქეებს თუ გაუმარტივდებათ გადაადგილება, ამაში ცუდს ვერ ვხედავ

ის, რომ ბატონ აბაშიძეს და ბატონ კარასინს შორის არსებობს ურთიერთობა, მგონი, ყველამ ვიცით, საიდუმლო არ არის, ეს ადამიანები ერთმანეთს ხვდებოდნენ, საუბრობდნენ და არსებობს ასეთი საკომუნიკაციო არხი, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

ბრეგაძის თქმით, რაიმე სახის ჩანაწერი თუ გავრცელდა, რომელიც დიდი ალბათობით უკანონოდ არის მოპოვებული, ჯერ მისი ავთენტურობა უნდა დადასტურდეს.

„მე არ მომისმენია და გამიჭირდება ამ საკითხზე საუბარი. არც ჩანაწერი მომისმენია, არც ბატონი ზურაბის მიერ ამ ჩანაწერის ავთენტურობის დადასტურება. რაც შეეხება ფრენების აღდგენას, ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იყო რუსეთის მხრიდან. საქართველო ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა. არ ვიცი, რუსეთის ფედერაციას რა ინტერესი ჰქონდა. შემიძლია, გითხრათ საქართველოს გადმოსახედიდან, რომ საქართველოს მოქალაქეებს თუ გაუმარტივდებათ გადაადგილება, ამაში ცუდს ვერ ვხედავ, თუ ისინი უფრო მარტივად შეძლებენ საქართველოში ჩამოსვლას. რაც შეეხება ფრენებს, თქვენ ისიც გეცოდინებათ, რომ რუსეთის ფედერაციიდან მხოლოდ საქართველოში არ ხორციელდება ფრენები. არსებობს ასევე სხვა სახელმწიფოები, რომლებშიც თქვენც ალბათ ხშირად იმყოფებით და ხორციელდება ასეთი ფრენები“, – განაცხადა ბრეგაძემ.