რატი ბრეგაძე - როდესაც სახელმწიფოს ვინმე დააბრალებს წამებას, რომელი ქვეყნის პრეზიდენტიც არ უნდა იყოს, მოიტანოს ერთი მტკიცებულება მაინც, საქართველოში არაადამიანური მოპყრობა და წამება წარსულს ჩაბარდა
ვინც არ უნდა დააბრალოს საქართველოს სახელმწიფოს წამება, ეს არის ყოვლად დაუშვებელი, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.
რატი ბრეგაძეს პრესკონფერენციაზე კითხვა დაუსვეს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დღეს გაკეთებულ განცხადებაზე.
„ამ განცხადების პასუხად შესაძლოა, ითქვას ერთი რამ, რომ საქართველოში არაადამიანური მოპყრობისა და წამების პრაქტიკა, მათ შორის მაშინ საქართველოს მოქალაქის, ამჟამად კი უკრაინის მოქალაქის, რომელიც მთელი ამ სისტემის სათავეში იდგა, ჩაბარდა წარსულს. ეს იყო საქართველოს ისტორიის სამარცხვინო ფურცელი. ჩვენ ყველამ, ჩვენმა შვილებმა, შვილიშვილებმა და მომავალმა თაობებმა ამ მძიმე და სამარცხვინო ისტორიის ტვირთი უნდა ვზიდოთ. როდესაც ადამიანებს აწამებდნენ და ამაზე ათეულობით განაჩენი არის დამდგარი. არ აქვს მნიშვნელობა, ვინც არ უნდა დააბრალოს საქართველოს სახელმწიფოს წამება, ეს არის ყოვლად დაუშვებელი. ჩვენ ყოველთვის მაქსიმალურად ვიკავებთ თავს უკრაინაში გარკვეული პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული უსამართლო შეფასებების კომენტირებისგან, ვინაიდან ეს სახელმწიფო იმყოფება ომში, ამის შესახებ ადრეც ვთქვით. რა თქმა უნდა, როდესაც სახელმწიფოს ვინმე დააბრალებს წამებას ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ვინც არ უნდა იყოს, რომელი ქვეყნის პრეზიდენტიც არ უნდა იყოს, მოიტანონ ერთი მტკიცებულება მაინც წამების შესახებ და ამის შემდგომ შეიძლება მსჯელობა მსგავსი ტიპის განცხადებაზე. ის, რომ საქართველოში ვინმეს აწამებენ, ვინც არ უნდა იყოს ეს, ვინც არ უნდა თქვას, ეს არის უსამართლო და შეურაცხმყოფელი განცხადება. სწორედ ევროპული, დასავლური სტანდარტი გულისხმობს, რომ ყველა განცხადება, მით უმეტეს, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ გაკეთებული, უნდა იყოს მტკიცებულებებით გამყარებული. არცერთ მტკიცებულებას არ ეფუძნება ეს განცხადება და, შესაბამისად, ბუნებრივია, ეს არ იქნება მისაღები“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.