რატი ბრეგაძე - რადიკალური ძალები როდესაც ცდილობენ სახელმწიფოს იმიჯის შელახვას, ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური მიზანი, საზოგადოება იყოს სწორად ინფორმირებული, რომ ამ სახელმწიფოში არავის აწამებენ
რადიკალური ძალები როდესაც ცდილობენ სახელმწიფოს იმიჯის შელახვას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური მიზანი, საზოგადოება იყოს სწორად ინფორმირებული, რომ ამ სახელმწიფოში არავის აწამებენ, – ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრების გავრცელებას.
მისივე თქმით, სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს, ადამიანის უფლებები ზედმიწევნით იყოს დაცული.
„სწორედ ამიტომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ გასაჯაროებულიყო ეს კადრები, სადაც ნაჩვენებია აგვისტოდან დღევანდელ დღემდე ამ ადამიანის მდგომარეობა“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
ამასთან, როგორც რატი ბრეგაძემ აღნიშნა, არაერთხელ მოუწოდა დაინტერესებულ მხარეს, თავი შეეკავებინათ სააკაშვილის ჯანმრთელობის პოლიტიზებისგან, მაგრამ გამუდმებულ რეჟიმში კეთდებოდა შეფასებები, რომელიც მიზნად ისახავდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
„ერთხელ და სამუდამოდ სპეკულაციებს უნდა დაესვას წერტილი და საზოგადოებამ გაიგოს სრული სიმართლე. ეს სპეკულაცია წელიწადზე მეტია, მიმდინარეობს. სააკაშვილი ჩამოვიდა საქართველოში ერთადერთი მიზნით, რომ მას და რადიკალურ ოპოზიციას ერთობლივად მოეპოვებინათ ხელისუფლება არაკონსტიტუციური და არაკანონიერი გზით. ყველა საშინელება, რაც დაიწყო, ეს იყო, რომ გვაბრალებენ, თითქოს ამ ადამიანს ვაწამებთ. სულ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა სააკაშვილის ფოტო, რომელიც გადაღებულია იმ უცხოელი ექსპერტის მიერ, რომელიც ცენტრმა „ემპათიამ“ შეიყვანა, როგორც დამოუკიდებელი ექსპერტი. მათი დასკვნა არის კონფიდენციალური და ჩნდება კითხვა, საიდან აღმოჩნდა ეს სურათი ერთ-ერთი მედიის ხელში? ყველაზე ცუდი, რაც იყო გავრცელებული, ეს იყო ერთ-ერთი აუდიოჩანაწერი, რომელშიც მსჯავრდებული სააკაშვილი ესაუბრება ერთ-ერთ ექსპერტს და ეს საუბარიც არის წამების შესახებ და მერე წყდება. ანუ რა ხდება? გარკვეული ძალები ცდილობენ, სახელმწიფოსგან შექმნან მტრის ხატი და საერთაშორისო საზოგადოება დაარწმუნონ იმაში, რომ სახელმწიფო მას აწამებს და, ამავდროულად, ურღვევს მას სამართლიანი სასამართლოს უფლებას. ჩვენ ვთქვით, რომ თუკი ეს დეზინფორმაციის კამპანია, რომელიც სახელმწიფოს დისკრედიტაციას ისახავს მიზნად, არ შეწყდებოდა, გავასაჯაროებდით კადრებს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.