რატი ბრეგაძე - რაც უნდა დიდი დრო გავიდეს, ისტორიული სამართლიანობა ყოველთვის იმარჯვებს ისტორიულ უსამართლობაზე
რატი ბრეგაძე - რაც უნდა დიდი დრო გავიდეს, ისტორიული სამართლიანობა ყოველთვის იმარჯვებს ისტორიულ უსამართლობაზე

გადაწყვეტილება, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, ძალიან დიდი წარმატებაა იმ გზაზე, რასაც საქართველოს დეოკუპაცია ჰქვია, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

„მოკლე ექსკურსს გავაკეთებ იმ დავების შესახებ, რომლებიც იყო რუსეთის წინააღმდეგ. პირველი იყო ე.წ. დეპორტირებულების საქმე, რომელზეც უკვე არსებობს საბოლოო გადაწყვეტილება. რუსეთს დაეკისრა უკანონოდ დეპორტირებული მოქალაქეების სასარგებლოდ 10 მილიონის გადახდა; შემდგომ იყო 2008 წლის ომის საქმე, სადაც, 2021 წლის 21 იანვარს მიღებული ისტორიული გადაწყვეტილების თანახმად, დადგინდა ის დარღვევები, რომლებიც რუსეთის ფედერაციამ ჩაიდინა საქართველოს ტერიტორიაზე და ერთხელ და სამუდამოდ დადასტურდა ის ფაქტი, მათ შორის, სამართლებრივად, რომ სწორედ რუსეთის ფედერაციას აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის გარკვეული ნაწილი. შემდგომ გაგრძელდა ეს საქმე და ჩადენილი დარღვევების შესახებ საფუძვლიანი მტკიცებულებების მოგროვების და ანალიზის შემდგომ, რომელიც საქართველოს მთავრობამ წარუდგინა სტრასბურგის სასამართლოს, 2022 წლის 20 იანვარს სასამართლომ მიიღო ეს ისტორიული გადაწყვეტილება“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ „იმედის“ ეთერში.

ბრეგაძის თქმით, ჯარიმის გადახდა რუსეთის ფედერაციას სხვადასხვა დარღვევის გამო დაახლოებით 130 მილიონი ევროს ოდენობით მოუწევს.

„კერძოდ, ეს არის სიცოცხლის უფლების დარღვევა, წამება და არაადამიანური მოპყრობა; ასევე, დაახლოებით 23 000-მდე ჩვენი მოქალაქის საკუთარი საცხოვრებლიდან უკანონოდ გამოძევება, სადაც მათ დღემდე არ აქვთ დაბრუნების შესაძლებლობა. დღევანდელი გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ 2008 წელს რუსეთის ფედერაციამ არა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ დაარღვია არაერთი საერთაშორისო ნორმა, არამედ კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგაც დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები და, ასევე, მათი კონვენციური უფლებები, რის გამოც მას დაეკისრა ეს პასუხისმგებლობა. ეს გადაწყვეტილება მიანიშნებს იმაზე, რომ აუცილებლად სამართალი აღსრულდება და მშვიდობიანი დეოკუპაცია მთელი ქვეყნის სწორედ სამართლებრივი მეთოდებით აუცილებლად წარმატებით განხორციელდება“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ამასთან, კითხვაზე, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ რუსეთის ფედერაცია აღასრულებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას 2008 წლის ომის საქმეზე, ბრეგაძემ აღნიშნა, რომ „რაც უნდა დიდი დრო გავიდეს, ისტორიული სამართლიანობა ყოველთვის იმარჯვებს ისტორიულ უსამართლობაზე“.

„გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. რუსეთის ფედერაციამ ეს დარღვევები ჩაიდინა მაშინ, როდესაც ის იყო ჯერ კიდევ ევროსაბჭოს წევრი. შესაბამისად, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, მას აქვს ვალდებულება, სრულად აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიაყენა საქართველოს მოქალაქეებს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ადრე თუ გვიან ეს ზიანი რუსეთის ფედერაციის მხრიდან სრულად ანაზღაურდება“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

2008 წლის ომის სარჩელზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს საქართველოსთვის კომპენსაციის სახით 129 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა.