რატი ბრეგაძე - რა არის წამება?! სააკაშვილს მივეცით ტელევიზორი, მაცივარი, მის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე დღე და ღამე ზრუნავენ, უკვე ჰყავდა 130-მდე ვიზიტორი
ჩვენ ვართ ის ხალხი, რომელმაც ციხეებში წამება და არაადამიანური მოპყრობა დაასრულა, – ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებას.
ბრეგაძის თქმით, პატიმარ სააკაშვილის უფლებები პენიტენციურ დაწესებულებაში სრულად არის დაცული. რატი ბრეგაძის განცხადებით, პენიტენციური სამსახური ხელმძღვანელობდა, ხელმძღვანელობს და მომავალშიც იხელმძღვანელებს ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით.
„როდესაც საუბარია თითქოსდა გაუმართლებელ უარზე, მესამე მუხლზე, წამებაზე, არაადამიანურ მოპყრობაზე, მაშინ განვმარტოთ, რა არის წამება?! – ის, რომ პატიმარს შემოსახლებისთანავე მივეცით ტელევიზორი, მაცივარი?! ის, რომ ამ ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნავს ციხის კვალიფიციური პერსონალი და მისი და სხვა პატიმრების უსაფრთხოების დასაცავად დღე და ღამე ათენებენ?! რა იგულისხმება არაადამიანურ მოპყრობაში?! – ის, რომ მას უკვე 130-მდე ვიზიტორი ჰყავდა?! ის, რომ მასთან შეუზღუდავად შედიან უფლებადამცველები, დეპუტატები და სხვა სახელმწიფოს – უკრაინის წარმომადგენლები, რომელთა შეშვების ვალდებულება ჩვენ – თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ არ გვაქვს. შევეცადეთ, რომ მისი უფლებების სრულად რეალიზება მოხდეს და ეს არის წამება?!“ – განაცხადა რატი ბრეგაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად მიღებული ზომების, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებითა და შესაძლო დარღვევების პრევენციის მიზნით, დღეს განმარტება გაავრცელა. როგორც სამსახურში განმარტავენ, ერთი მხრივ, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება ვალდებულია პატივი სცეს მოშიმშილე პატიმრის სურვილს – უარი თქვას საკვების მიღებაზე, თუმცა მასვე ეკისრება პოზიტიური ვალდებულება ეფექტური და დროული მოქმედების გზით დაიცვას თავისუფლებააღკვეთილი პირის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თავისუფლებააღკვეთილი პირის შიმშილობის დროს, შესაბამისი ორგანოების ან/და პირთა მხრიდან მიღებულმა არასათანადო ზომებმა, შესაძლებელია წარმოშვას ადამიანის უფლებათა დარღვევის რისკი.