რატი ბრეგაძე - „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა ყველაფერი, რათა აგვისტოს ომთან დაკავშირებით დამტკიცებულიყო სიმართლე, სტრასბურგში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ყველა დავა მოვიგეთ
2012 წლის შემდეგ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, რათა აგვისტოს ომთან დაკავშირებით დამტკიცებულიყო სიმართლე და სტრასბურგში აბსოლუტურად ყველა დავა მოვიგეთ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მინისტრს დაუსვეს კითხვა იმის შესახებ, რომ „„კავკასიის ბარომეტრის“ კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 69 პროცენტი ფიქრობს, რომ რუსეთი მტერია, ხოლო 75 პროცენტს ევროკავშირი უნდა“.
„სწორედ ამ გამარჯვების შემდგომ დადასტურდა ის ფაქტი, რომ რუსეთი არის ოკუპანტი. სამწუხაროდ, საქართველოს ტერიტორიების გარკვეული ნაწილი დროებით ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ და ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა მხოლოდ იმის მერე, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს წარმატებით ვაწარმოეთ პროცესი სტრასბურგის სასამართლოში და ეს გამარჯვება მოვიპოვეთ მას შემდეგ. ასევე, მოვიგეთ ყველა დავა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, როგორც აგვისტოს ომთან და ასევე საქართველოს მოქალაქეების რუსეთიდან დეპორტირებასთან დაკავშირებით. ასევე, მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს გადაიდგა ყველა ქმედითი ნაბიჯი ევროპისკენ და გავიარეთ მთელი გზა, დაწყებული უვიზო მიმოსვლიდან, კანდიდატის სტატუსით გაგრძელებული. ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს. შესაბამისად, ნებისმიერი კითხვა, რას ფიქრობს „ქართული ოცნება“ ოკუპაციასთან დაკავშირებით, მტკიცდება საქმით.
„ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებდა ყველაფერს მხოლოდ სიტყვით. მათი გაკეთებული საქმე არც ოკუპაციასთან, არც დეოკუპაციასთან არავის უნახავს, ხოლო ჩვენ ნებისმიერი მიღწევა დავადასტურეთ საქმით. ნათლად დადასტურდა ჩვენი პოზიციები ჩვენი საქმით. შესაბამისად, ვფიქრობ, ნებისმიერი კითხვის დასმა, რას ვფიქრობთ ოკუპაციასთან დაკავშირებით, არის თუ არა რუსეთის ფედერაცია ოკუპანტი ან სხვა, არის სრულიად უადგილო და სასაცილო. მით უმეტეს, იმ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, რომლებმაც დაკარგეს საქართველოს ტერიტორიები და რომლებიც ვერაფრით ასაბუთებდნენ, რომ რუსეთის ფედერაცია იყო ოკუპანტი. აი, ეს არის ჩვენი პასუხი. იქ, სადაც არის სახელმწიფო ინტერესები, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის შეუპოვარი“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.