რატი ბრეგაძე - „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი შეცდომაა, რომ 2012 წლის შემდეგ რომელიმე პენიტენციურ დაწესებულებაში ბოროტების მუზეუმი არ გაიხსნა
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი შეცდომაა, რომ 2012 წლის შემდეგ რომელიმე პენიტენციურ დაწესებულებაში ბოროტების მუზეუმი არ გაიხსნა, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილის ყველა უფლება დაცულია და მას არავინ აწამებს.
„იცით, რაშია ჩვენი შეცდომა? 2012 წლის შემდეგ რომელიმე პენიტენციურ დაწესებულებაში რომ არ გაიხსნა ბოროტების მუზეუმი. ესაა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი შეცდომა, რომ მომავალ თაობებს ენახა, როგორც დღეს საკონცენტრაციო ბანაკების ნახვა არის შესაძლებელი. როგორ ბედავენ იმ კითხვის დასმას, რომ ვინმეს აწამებენ. რა არის წამება, როდესაც სააკაშვილის ყველა უფლება დაცულია? როდესაც სტრასბურგის სასამართლომ საქმე შეწყვიტა, რადგან არაფერი სანახავი არ იყო, ეს არის წამება? 1 500 ვიზიტორია წამება თუ vip პალატაში განთავსება? კარგად გაიხსენეთ, სხვებს როგორ ექცეოდნენ. თქვით, სააკაშვილის რომელი უფლებაა დარღვეული? ვერაფერს ამბობთ და დარბაზიდან გარბიხართ, ეს თქვენი რეალური სახეა“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.