რატი ბრეგაძე - „ქართული ოცნება“ არის გუნდი, რომელიც ყველა შეთანხმებას ზედმიწევნით ასრულებს
„ქართული ოცნება“ არის გუნდი, რომელიც ყველა შეთანხმებას ზედმიწევნით ასრულებს, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.
როგორც ბრეგაძემ ჟურნალისტებს აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან შეხვედრის შესახებ დასმულ კითხვაზე განუცხადა, გუშინდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველის იუსტიციის სამინისტროსა და შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის საკითხებს.
„ამერიკის ელჩთან გვქონდა საინტერესო საუბარი იუსტიციის სამინისტროსა და აშშ-ის თანამშრომლობაში არსებულ ყველა საკითხზე. შეხვედრა იყო ძალიან პოზიტიური. ქალბატონ დეგნანს გავაცანით ყველა ის ინიციატივა, რომლის განხორციელებაც დაიწყო სამინისტრომ. შეხვედრამ ჩაიარა პოზიტიურ გარემოში. ვგეგმავთ, თანამშრომლობა კიდევ უფრო საინტერესო გახდეს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
რაც შეეხება შარლ მიშელის მედიაციით მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი შეთანხმება უნდა შესრულდეს.
„შეთანხმებას ჰყავს რამდენიმე მონაწილე. „ქართული ოცნება“ არის ის გუნდი, რომელიც ყველა შეთანხმებას ზედმიწევნით ასრულებს“, – დასძინა რატი ბრეგაძემ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრსა და აშშ-ის ელჩს შორის შეხვედრა გუშინ გაიმართა. როგორც კელი დეგნანმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, საუბარი შეეხო იუსტიციის სფეროში აშშ-საქართველოს მრავალწლიან თანამშრომლობას, ასევე შარლ მიშელის შეთანხმების შესრულებას. „მტკიცედ მოვუწოდებთ მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს, შეასრულონ 19 აპრილის შეთანხმება, როგორც არსებითად, ისე სულისკვეთებით“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.