რატი ბრეგაძე - პუნქტების შესასრულებლად ხელისუფლება ქმედით ნაბიჯებს დგამს, კანდიდატის სტატუსის მიღებას აუცილებლად ვიზეიმებთ
რატი ბრეგაძე - პუნქტების შესასრულებლად ხელისუფლება ქმედით ნაბიჯებს დგამს, კანდიდატის სტატუსის მიღებას აუცილებლად ვიზეიმებთ

ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ურთიერთობა ვისაც არ სურს, ის საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

რატი ბრეგაძეს ირაკლი ღარიბაშვილისა და ვიქტორ ორბანის მჭიდრო კავშირებზე დაუსვეს კითხვა.

ამასთან, რატი ბრეგაძის თქმით, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი აქვს.

„უნგრეთი არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფო და ეს გეოგრაფიის მცოდნეებმაც უნდა იცოდნენ, ვისაც ელემენტარული პრეტენზია აქვს, ევროპის მცოდნედ გამოაცხადოს თავი. საქართველოს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ურთიერთობა ვისაც არ სურს, ის საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება. რაც შეეხება სტატუსს, საკმაოდ პოზიტიური მოლოდინი მაქვს და მჯერა, სტატუსის მიღებას აუცილებლად ვიზეიმებთ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, საქართველო რეფორმების კუთხით ქმედით ნაბიჯებს დგამს.

„როგორც ხედავთ, ხელისუფლება დგამს ქმედით ნაბიჯებს, რათა შესრულდეს ყველა პუნქტი, რომელიც აუცილებელია სტატუსის მისაღებად. ოპოზიციასაც მოვუწოდებდი, აქტიური მონაწილეობა მიიღონ დეპოლარიზაციაში“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.