რატი ბრეგაძე - პენიტენციური კოდექსის მიღების შემდეგ ყველა სახის პაემანი გახდება უფასო, მოსამსახურეები თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს გარდა, წელთა ნამსახურობის დანამატს მიიღებენ
რატი ბრეგაძე - პენიტენციური კოდექსის მიღების შემდეგ ყველა სახის პაემანი გახდება უფასო, მოსამსახურეები თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს გარდა, წელთა ნამსახურობის დანამატს მიიღებენ

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში გამოსვლისას იმ ბენეფიტებზე ისაუბრა, რომელთაც ახალი პენიტენციური კოდექსი ითვალისწინებს.

როგორც რატი ბრეგაძემ აღნიშნა, ახალი კოდექსის მიღების შემდეგ ყველა სახის პაემანი გახდება სრულიად უფასო, ბრალდებულს მიენიჭება ხანგრძლივი პაემნის უფლება; გათანაბრდება ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საცხოვრებელი პირობები; პენიტენციური სამსახურის ყველა დანაყოფს მიენიჭება სპეციალური სტატუსი, რაც თითოეული თანამშრომლის შრომით პირობებს გაათანაბრებს და გააუმჯობესებს; პენიტენციურ სისტემაში გაფართოვდება სპეციალური წოდების მქონე პირთა წრე და მოსამსახურეები, თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს გარდა, მიიღებენ წელთა ნამსახურობის დანამატს.

„პენიტენციური კოდექსის მიღების შემდგომ ბრალდებულს მიენიჭება ხანგრძლივი პაემნის უფლება, ყველა სახის პაემანი გახდება სრულიად უფასო, რაც ძალიან დიდი დახმარება არის მსჯავრდებულებისათვის; გათანაბრდება ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საცხოვრებელი პირობები. ასევე, პენიტენციური სამსახურის ყველა დანაყოფს მიენიჭება სპეციალური სტატუსი, რაც თითოეული თანამშრომლის შრომის პირობებს გააუმჯობესებს და გაათანაბრებს ერთმანეთთან; მოსამსახურეები, თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს გარდა, მიიღებენ წელთა ნამსახურობის დანამატს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, პენიტენციური კოდექსი სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობით შემუშავდა.

„კოდექსი შემუშავებული იყო სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობით და, მათ შორის, მის შემუშავებაში მონაწილეობას იღებდა სახალხო დამცველის აპარატი და, პირდაპირ გეტყვით იმასაც, რომ არავინ ელოდა, რომ ასეთ მოკლე პერიოდში შესაძლებელი იქნებოდა კოდექსის ამ პროექტის შემუშავება. თუმცა სულ რაღაც 4 თვეში ჩვენ ამ პროექტზე მუშაობა დავასრულეთ და, ამავდროულად, 90%-ზე მეტი რეკომენდაციებისა, რომლებიც ჰქონდათ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებს, ისე სხვა დაინტერესებულ პირებს და, მათ შორის, სახალხო დამცველსაც, იყო ასახული. მინდა, შევახსენო იმ ადამიანებს, რომლებიც სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი ამის მიმართ, რომ ჩვენ ჩვენი დანაპირები კიდევ ერთხელ შევასრულეთ“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

რატი ბრეგაძის გამოსვლის ტექსტს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.